03 ივლისი 2020,   23:14
ვრცლად
   ყველაფერი კორონავირუსის შესახებ

ახალი კორონავირუსი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით - COVID-19 - ინფექციურ-რესპირატორული დაავადება, რომელსაც კორონავირუსი 2019-nCoV-იწვევს.

 

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევეზე,  ასევე გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდზე stopcov.ge

 

რა სიმპტომები ახასიათებს COVID 19-ს

ახალი კორონავირუსის სიმპტომები, ძირითადად, ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით, თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.

კორონავირუსის გადაცემა ხდება ახლო კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს

ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ:

ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და  დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი..

ხველა, სუნთქვის გაძნელება, ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი  სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები.

ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ, ან გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოთხი მთავარი რეკომენდაცია:

ხელების ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენის დაცვა.

მინიმუმ 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა სხვა ადამიანებთან კონტაქტის დროს.

შეძლებისდაგვარად, ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან თავის შეკავება.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან  უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში.

COVID-19 - მითი და რეალობა - ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

ახალი კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულებს ერჩის თუ ახალგაზრდებიც რისკის ქვეშ არიან

ახალი კორონავირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. თუმცა, იმის შანსი, რომ ამ ვირუსით უფრო მძიმედ ავად გახდნენ, მაღალია ხანდაზმულებში ან იმ ადამიანებში, რომლებსაც ინფიცირებამდე აქვთ სხვა ქრონიკული დაავადებები. მათ შორის - ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ასაკის ადამიანს ურჩევს მიიღოს ვირუსისგან თავდაცვის ზომები. მაგალითად, დაიცვას ხელებისა და სასუნთქი გზების ჰიგიენა.

არის თუ არა ანტიბიოტიკები ეფექტური ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის

არა - ანტიბიოტიკები არ მოქმედებს ვირუსების წინააღმდეგ; ისინი მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებენ.

ახალი კორონავირუსი ვირუსია და გამომდინარე აქედან, მისი პრევენციისა და მკურნალობისათვის ანტიბიოტიკები არ გამოდგება.

თუმცა, COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, შეიძლება ანტიბიოტიკები მაინც მოგცენ, რადგან შესაძლებელია პარალელურად ბაქტერიებით ინფიცირებაც.

არსებობს თუ არა კონკრეტული პრეპარატები ახალი კორონავირუსის პრევენციის მკურნალობისთვის

ამ დროისათვის, არ არსებობს ახალი კორონავირუსის პრევენციის ან მკურნალობის სპეციფიკური მედიკამენტები.

თუმცა, ვირუსით ინფიცირებულებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო სერვისი სიმპტომების შემსუბუქებისა და მკურნალობისთვის. მიმდინარეობს მკურნალობის კონკრეტულ საშუალებათა აქტიური კვლევა, რომლებმაც კლინიკური ცდებიც უნდა გაიაროს.

სხეულზე სპირტის ან ქლორის შესხურებამ შეიძლება ახალ კორონავირუსის განადგურება გამოიწვიოს

არა, რადგან სხეულზე სპირტის ან ქლორის შესხურება ვერ გაანადგურებს იმ ვირუსებს, რომლებმაც სხეულში უკვე შეაღწიეს. ამგვარი ნივთიერებების შესხურება შეიძლება საზიანო იყოს სხეულის ქსოვილის ან ლორწოვანი გარსი მემბრანისთვის (მაგ.თვალები და პირი). გახსოვდეთ, რომ სპირტი და ქლორი ავეჯის ან იატაკის ზედაპირის დეზინფექციისთვის შეიძლება გამოდგეს, თუმცა მათი გამოყენება შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

არიან თუ არა შინაური ცხოველები ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) გამავრცელებლები

ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ შინაური ცხოველები, როგორიც არის ძაღლი ან კატა, შეიძლება დაინფიცირდნენ ახალი კორონავირუსით. თუმცა, შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ, საპნითა და წყლით ხელების დაბანა ყოველთვის კარგი აზრია. ის დაგიცავთ მრავალი ფართოდგავრცელებული ბაქტერიისგან. მაგალითად, სალმონელასა და ნაწლავის ჩხირისგან, რომლებსაც შეუძლიათ ცხოველიდან ადამიანზეც გადავიდნენ.

დაგიცავთ თუ არა ახალი კორონავირუსისგან ნატრიუმის ქლორიდით (ფიზიოლოგიური ხსნარით) ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა

არა - არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნატრიუმის ქლორიდით ცხვირის რეგულარულად გამორეცხვას შეუძლია დაიცვას ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისგან.

თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა  ნატრიუმის ქლორიდით ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა დახმარებია ადამიანებს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებულიყვნენ ჩვეულებრივი გაციებისგან. თუმცა ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა არ ახდენს რესპირატორული ინფექციების პრევენციას.

აგარიდებთ თუ არა ნივრის ჭამა ახალ კორონავირუსს

ნიორი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც შეიძლება გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები ჰქონდეს. თუმცა ვირუსის მიმდინარე აფეთქებიდან, არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, ახალი კორონავირუსისგან ადამიანები ნივრის ჭამას დაეცვას.

როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ქვეყანაში სამედიცინო პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, როგორც აღმოჩნდა ეს იმ გავრცელებული მითის გამო მოხდა, რომ პირბადე ვირუსისგან 100% დამცავი საშუალებაა, თუმცა სიტუაცია სხვაგვარადაა. პირბადე ძირითადად უნდა ეკეთოს დავირუსებულ ადამიანს, რადგან პირბადის გამოყენება ხელს უშლის მიკრობების გავრცელებას. დავირუსებული ადამიანის ლაპარაკის, დახველება-დაცემინების დროს, ჰაერში მცირე ზომის წვეთები იფრქვევა, რითაც შესაძლოა სხვა დააინფიციროს. შესაბამისად, როცა ვირუსის მქონე ადამიანი ატარებს პირბადეს, ეს ამცირებს  მის მიერ გამოყოფილი მიკრობებით სხვა ადამიანის დაინფიცირების რისკებს.

თუ თავად ჯანმრთელი ხართ, პირბადე უნდა ატაროთ მხოლოდ მაშინ, როცა უვლით ადამიანს, რომელიც ინფიცირებულია.  პირბადე ასევე გამოიყენება დიდი თავშეყრის ადგილებზე მისვლის დროსაც.

რა ზომებს მიმართავს საქართველო

საქართველოს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

შექმნილია სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge, სადაც ონლაინ რეჟიმში ხდება ინფორმაციის განახლება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების, კარანტინის რეჟიმსა და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების შესახებ.

შეწყვეტილია ფრენები და საზღვარზე ყველანაირი მიმოსვლა, გარდა ტვირთბრუნვისა. საზღვარგარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება სპეცრეისებით ხდება.

სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.

21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა.

1. იზღუდება სატრანსპორტო მიმოსვლა:

• საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ. შეწყვეტილია სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, შეუფერხებლად ხორციელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები.

• იკრძალება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული ფრენები.

• თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა - სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანაზე.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი:

• შესაბამისი ტექნიკური რესურსის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლებელია დისტანციური სწავლება.

• საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, 21 აპრილამდე იმუშაონ დისტანციური რეჟიმით, თუ მათი ადგილზე ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.

• აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი. მსგავსი ღონისძიებები დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

• შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციის და აკრედიტაციის, ასევე, პროფესიული მომზადების და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულად ჩაითვლება.

 

3. შეიზღუდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

 

• აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ასევე - ღია სივრცეში.

• აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნა, ვარჯიში.

• როგორც კულტურული, ასევე სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობებისთვის დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმები.

 

4. იზღუდება შეკრება, მანიფესტაცია და თავშეყრა:

 

• საჯარო სივრცეში აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე - შენობებში და არ გულისხმობს კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს.

• აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, მაგალითად, ქელეხი, ქორწილი.

• 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. ისინი ვალდებულნი არიან, სამუშაო სივრცეში დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

 

5. იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა:

 

• რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს, ეკრძალებათ მომსახურების სივრცეში მომხმარებლების დაშვება. აღნიშნული ტიპის ობიექტებს საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ე.წ „დრაივის" მომსახურებისთვის.

• შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სილამაზის სალონების, ღამის კლუბების საქმიანობა.

• აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება აკრძალულია. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

• სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხშირად, თხევადი საპნით და წყლით დაიბანოს ხელები; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით;

• სურსათის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ობიექტებს ევალებათ, უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

• სურსათის მწარმოებელმა და გადამამუშავებელმა ობიექტებმა სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა). სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები;

• მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათი მოათავსონ ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება; სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით;

• საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან - პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით; ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია და გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის, არანაკლებ 2 მეტრის დაცვა.

 

6. წესდება შეზღუდვები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით:

 

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ჩარტერული ფრენები;

• უზრუნველყონ შესაბამისი პირების გადაყვანა საკარანტინო ზონებში, ხოლო ტვირთების გადაზიდვა - დანიშნულების ადგილებში.

• გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები შესაბამისი სერვისებით კარანტინში მოქალაქეთა განთავსებისა და მათთვის სათანადო პირობების შესაქმნელად.

 

7. წესდება შეზღუდვები საჯარო სერვისების მიწოდებაზე;

 

8. ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი;

 

9. ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები;

 

10. დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი;

 

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს დასაშვებია:

 

• 10-ზე მეტი პირის თავშეყრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო;

• 10-ზე მეტი პირის თავშეყრა სამედიცინო ან საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში;

• 10-ზე მეტი პირის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას;

• დასაშვებია სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია;

• ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების ობიექტების საქმიანობა;

• სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;

• საქმიანობის შეჩერება არ ეხება საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის ობიექტებს, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ან ადგილიდან გატანით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის წვდომის გარეშე;

• საქმიანობის შეჩერება არ ეხება პრესის ჯიხურებს;

• დასაშვებია რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებსა თუ ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის მიზნით, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის შესვლის გარეშე.

 

მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს რამდნეიმე ქალაქსა და სოფელში.

31 მარტის 21 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. აკრძალვა ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისია პოლიცია და საშვის მქონე პირები

 

კორონავირუსი  ჩინეთიდან  ევროპამდე…

ხალი კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა.

7 იანვარს ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა. რამდენიმე დღეში ვირუსის გენომი დაადგინეს, 13 იანვრიდან კი უკვე ვირუსის გამოსავლენი ტესტია ხელმისაწვდომი.

მიუხედავად მკვლევარების ასეთი აქტიური მუშაობისა, კორონავირუსმა თითქმის მთელი პლანეტა მოიცვა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი პანდემია გამოაცხადა.

ამ დროისთვის COVID-19-ი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 2 მილიონს გადასცდა.

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით კი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: აშშ, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ირანი, თურქეთი, ბელგია. ყველაზე მეტი დაღუპული კი აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთშია.