27 მაისი 2018,   17:31
ვრცლად
6 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია დღეს გამთენიისას 03:50 საათზე მოხდა. პირველ ნახშირმომპოვებელ უბანზე გვირაბის ქანები სამთო დარტყმის შედეგად ჩამოშალა, ოთხი სამთო მუშა, ერთი ამფეთქებელი და ერთი ოსტატი ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახები ცხედრების ამოსვენებას 6 საათის განმავლობაში ელოდნენ.

ღამით მინდელის შახტში ქვანახშირს ცხრა მუშა მოიპოვებდა. ექვსი ადგილზე დაიღუპა, სამი - დაშავდა. ერთ-ერთი გადარჩენილი მეშახტე „კურიერთან“ იხსენებდა თუ როგორ გადააგდო ძლიერი აფეთქების ტალღამ.

მეოთხე ცვლის ექვსი მუშის დაღუპვის ამბავი ოჯახებს დღეს დილით შეატყობინეს. გიორგი ბოჭორიშვილი, გიგი რაფავა, პავლე გამეზარდაშვილი, ელგუჯა ბოჭორიშვილი და ბესიკ გურგენიძე შახტში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, მირზა ქურციკიძე კი „საქნახშირში“ სამუშაოდ ერთ წლის წინ მივიდა.

ერთ-ერთი გარდაცვლილის, მირზა ქურციკიძის მამა, რომელიც წლების განმავლობაში სამთო მაშველად მუშაობდა, ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში, სამთო დარტყმას შესაძლოა, მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ორივეს თავის ტრავმა აქვს. ექიმის თქმით, პაციენტთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები ტყიბულში ჩასულმა ვიცე-პრემიერმა მოინახულა. 

ტყიბულის შახტში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული. დილიდან ყველა სახელმწიფო შენობაზე ეროვნულ დროშას დაუშვებენ.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

 

დღის ამბები