22 აპრილი 2019,   19:35
ვრცლად
ავტოკატასტროფების დროს ევროპის 40 ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში იღუპება

საქართველო ევროპის 40 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, სადაც ავტოავარიების დროს ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. თბილისში ყველაზე ხშირად ავტოსაგზაო შეთხვევები დავით აღმაშენებლის ხეივანში, ცოტნე-დადიანის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კახეთის გზატკეცილსა და ვარკეთილში ხდება.  

ქალაქის ე.წ. შავი წერტილების სია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ყოველი მეორე შეჯახების დროს ქვეითი იღუპება ან დაზიანებებს იღებს.

ყოველწლიურად გზებზე 6 ათასზე მეტი ავარია ხდება.

ცოტნე დადიანის ქუჩის 25 ნომერში მცხოვრებლებმა მერიას გზაზე ზებრა გადასასვლელის დახაზვა და შუქნიშნის დამონტაჟება უკვე 10-ჯერ სთხოვეს, თუმცა, უშედეგოდ. 22 ოჯახიდან დალი გამყრელიძე მესამეა, ვისაც ამ გზის გაადაკვეთის დროს ავტომანქანა დაეჯახა. 64 წლის ქალს ფეხებზე რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, თუმცა, ხელჯოხის გარეშე გადაადგილება დღემდე უჭირს.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ პრობლემებზე არასათანადო რეაგირება და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა ავტოავარიის გამომწევი მიზეზი ხდება. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებში საგზაო ინფრასტრუქტურა, მაღალი სიჩქარე და ფეხით მოსიარულეთა მოუწყობელი გადასასვლელები მოხვდა.

წლიდან წლამდე საქართველოში ავარიების რიცხვი და მსხვერპლი არ მცირდება. 2015 წელს საქართველოში 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 581 ადამიანი. 2016 წელს 6939 ავარია დაფიქსირდა, რასაც 581 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2017 წელს კი 6079 ავარია მოხდა, რის შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად თბილისში ხდება - 47%. მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევებში ლეტალური შედეგის წილი რეგიონულ გზებზე უფრო მაღალია - 49%.

დოკუმენტის თანაავტორი, გელა კვაშილავა, ამბობს, რომ ოფიციალური სტატაისტიკა არაზუსტია და ფატალურად დასრულებული ავარიების რიცხვი ბევრად მაღალია.

ავტოავარიების დროს ყველაზე ხშირად ფატალური შედეგი მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტოშეჯახების შემდეგ დგება.

 

 

  ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები