22 სექტემბერი 2018,   21:58
ვრცლად
"ამოღებული იქნა სომხური წარმოების ტყვიამფრქვევი, რევოლვერი, მაკაროვი-მაღაზია "დენთის" დამფუძნებელს და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

მაღაზია "დენთის" დამფუძნებელს პაატა მუსერიძესა და მის მეგობარს გიორგი ბახტაძეზეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავება.

პაატა მუსერიძე დანაშაულს აღიარებს, რაც შეეხება გიორგი ბახტაძეს, მისი თქმით ამოღებული იარაღებიდან თითქმის ყველა უვარგისია.

„ნებაყოფლობით წარმოვადგინე ჩემს მფლობელობაში არსებული იარაღები. ზოგი ვარგისი და ზოგი უვარგისი. ეს ყველაფერი ოქმშიც ავსახე და წინასწარი გამოძიების პროცესში მიცემულ ჩვენებაშიც. შესაბამისად, მაქსიმალურად ვითანამშრომლე,“-განაცხადა გიორგი ბახტაძემ.

რაც შეეხება იარაღებს, გიორგი ბახტაძემ  პროცესზე ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე დაადგინა ექსპერტიზამ გარკვეული იარაღების შემთხვევაში რომ ვარგისია, როდესაც ისინი გამოშვებულია 1800 წელს და ამ იარაღებიდან გასროლა წარმოუდგენელია.

„მე მას ვინახავდი როგორც საკოლექციო ექსპონატად. მისი გასროლის საერთოდ მეშინოდა იმდენად ძველი იყო ეგ იარაღები და საერთოდ მაგის გამოყენება როგორც იარაღად ვთვლი, რომ დაუშვებელია,“-განაცხადა გიორგი ბახტაძემ.

მისივე თქმით ამოღებულ იარაღებს შორის მოხვდა მისი მეგობრის კუთვნილი იარაღებიც, რომელიც არის გაფორმებული და მან გასაწმენდად წამოიღო.  გიორგი ბახტაძის განცხადებით ორივე იარაღს აკლია სასხლეტი მექანიზმები და არის უვარგისი. მისი თქმით ერთადერთი იარაღი რომელიც არის სრულყოფილი და საბრძოლო მდგომარეობაში არის „მაკაროვი“, რომელიც გარდაცვლილმა მეგობარმა აჩუქა.

„დანატოვარი იყო გარდაცვლილი მეგობრის და ვერ გადავაგდე,“-განაცხადა გიორგი ბახტაძემ.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბახტაძემ თავად ჩააბარა იარაღი, კანონის შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო.

პროკურორი კი ამბობს, რომ ბახტაძემ სარდაფში არსებული იარაღების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სარდაფის გასაღები. ამასთან ვაჟა თოდუას თქმით იარაღების ნაწილი არის ვარგისი და მათ შორის არის ტყვიამფრქვევი.

„ბახტაძის მიმართ ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რომლის ფარგლებში ამოღებული იქნა მისი კუთვნილი სარდაფის გასაღები. აღნიშნულის შემდეგ მან თავად გააკეთა განცხადება რომ აღნიშნულ სარდაფში ინახავდა მხოლოდ უვარგის იარაღებს თუმცა ეფექტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა არამხოლოდ უვარგისი იარაღები, არამედ ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო ვაზნა. ვარგისი აღმოჩნდა სომხური წარმოების ტყვიამფრქვევი, ასევე  ორი ცალი რევოლვერი და ერთი ცალი მაკაროვის იარაღი, რომელსაც ჰქონდა მაყუჩი,“-განაცხადა ვაჟა თოდუამ.

დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები