22 სექტემბერი 2018,   21:58
ვრცლად
მოსამართლის მითითებები და სხვის მიერ დაწერილი ვერდიქტი - ნაფიცი მსაჯულის სკანდალური განცხადება

ნაფიცი მსაჯული, რომელიც მკვლელობის საქმეზე მუშაობდა სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს ვერდიქტი ზეწოლის ქვეშ მიაღებინეს.

საუბარია ქუთაისში, 44 წლის კახაბერ დოღონაძის მკვლელობაზე, რომელშიც ბრალდებული 27 წლის გიორგი გურულია. ნაფიცი მსაჯულები სწორედ ბრალდებულის მოთხოვნა იყო.

19 წლის ნიკოლოზ ბალაძე კი ამ  საქმეზე სტატუსით უფროსი ნაფიცი მსაჯული იყო. ის ამბობს, რომ  12-მა ნაფიცმა მსაჯულმა პირველ ეტაპზე ვერდიქტი ვერ მიიღო და ხმები შუაზე გაიყო. 4-საათიანი თათბირის შემდეგ მოსამართლემ მას და მის კოლეგებს შემოუთვალა გამამართლებელ განაჩენზე არ ეფიქრათ.

უფროსი ნაფიცი მსაჯული ჰყვება, რომ სათათბირო ოთახი 15 წუთით დატოვა. ნიკოლოზ ბალაძე ეჭვობს, რომ ამ დროის განმავლობაში შესაძლოა ოთახში დარჩენილ ნაფიცებთან უცხო პირი შესულიყო და გარკვეული მითითებები მიეცა, რადგან უკან დაბრუნებულს ოთახში რადიკალურად განსხვავებული სურათი დაუხვდა. იმ მსაჯულების უმრავლესობას  ვინც თვლიდა, რომ გიორგი გურული დამნაშავე არ იყო, აზრი შეცვლილი ჰქონდა.

ნიკოლოზ ბალაძეს კითხვები აქვს ვერდიქტის შედგენასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით ვერდიქტი მას არ დაუწერია. ის სხვა ნაფიცმა მსაჯულმა უკვე დაწერილი ტექსტიდან გადაწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გიორგი გურული დამნაშავედ ცნეს.

უფროსი ნაფიცი არც იმას გამორიცხავს, რომ სხვა ნაფიცებსა და პროკურატურას ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ.

უფროსი ნაფიცი მსაჯულის მიერ P.S.-თვის ინტერვიუს მიცემის შემდეგ გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს მთავარი პროკურატურა, თუმცა გიორგი გურულის ბრალდების საქმის მთავრი პროკურორი დარწმუნებულია, რომ დანაშაული ნამდვილად გურულმა ჩაიდინა და 44 წლის კახაბერ დოღონაძეს ნამდვილად მან ესროლა, შესაბამისად გამამტყუნებელი ვერდიქტი პროკურორის შეფასებით ობიექტური იყო.

დღის ამბები