10 დეკემბერი 2018,   20:46
ვრცლად
ხარვეზები და უპასუხისმგებლობა შეწყალების სისტემაში - ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებს

პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული დროით ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულ პატიმართა შეწყალება შეწყდება, ოპოზიცია აკრიტიკებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შეწყალების სისტემა გამართული არ არის. გარდა ამისა, სალომე სამადაშვილის თქმით, არ არსებობს ქმედითი პოლიტიკა, რაც დაიცავს საზოგადოებას ფემიციდისგან.

„რაც შეეხება შეწყალების პროცესს ეს არის ქვეყანაში სრულიად გაუმართავი სისტემა, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეწყალებით გამოსული ადამიანი ჩადის განმეორებით დანაშაულს, რომელიც სიკვდილით მთავრდება.

"რაც შეეხება ფემიციდს, ფაქტია, რომ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ქმედითი პოლიტიკა, რომ დაუპირისპირდეს დანაშაულს“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის თქმით, პრეზიდენტი პასუხისმგებლობით უნდა მოჰკიდებოდა იმ საპასუხისმგებლო პრეროგატივას, რასაც პატიმართა შეწყალება ჰქვია.

მისვე თქმით, განმეორებითი დანაშაულის შემთხვევაში, „ხელის გაშვერა“ სხვა პირებზე ან უწყებებზე მხოლოდ ქვეყანას აზარალებს.

„ნარკორეალიზატორების შეწყალებასაც შეაჩერებს? თუ მხოლოდ მოძალადეების შეწყალებას შეაჩერებს? რაც შეეხება მისი მოქმედებების შეფასებას, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს პრეზიდენტი ამ საპასუხისმგებლო პრეროგატივის შესრულებას რასაც ჰქვია შეწყალება.

"თითის გაშვერა ერთის მხრივ სასჯელაღსრულებისკენ და მეორე მხრივ ნარკორეალიზატორის შეწყალების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობისკენ, ეს საქმეს ვერ შველის,“- აცხადებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

დღის ამბები