22 სექტემბერი 2018,   21:56
ვრცლად
ფოფხაძე-ზარდიაშვილის გადანაცვლება კომიტეტებში - მმართველ გუნდში ინფორმაციას უარყოფენ

დაპირისპირება მმართველ გუნდში - კულუარული ინფორმაციით გედევან ფოფხაძემ შესაძლოა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს. ვანო ზარდიაშვილი კი, რომელიც ეკა ბესელიას მოადგილეა, მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩაანაცვლებს.

პარლამენტში ეს საკითხი აქტიურად განიხილება. ასევე კულუარებში საუბრობენ იმასაც, რომ იმ ფონზე, როდესაც ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის და სოფო კილაძესა და გედევან ფოფხაძეს შორის არის დაპირისპირება, მათი გადანაცვლება იდიალური შესაძლებლობა იქნება.

ეკა ბესელიამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა თუმცა აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძესთან ერთად მუშაობაზე უარს არ იტყოდა, რადგან მასთან თანამშრომლობის კუთხით პრობლემები არასდროს ჰქონია.

„გედევანთან ერთად მე 4 წელი ვიმუშავე წინა პარლამენტში. იმ კომიტეტში, რომელსაც ჰქონდა იმ პერიოდში ძალიან დიდი სამუშაო და ამ სამუშაოში გედევანი ძალიან დიდ როლს ასრულებდა და ვიმუშავეთ ისე, რომ არასოდეს ჩვენ პრობლემა არ გვქონია თანამშრომლობის კუთხით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოსალოდნელ გადანაცვლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს სოფო კილაძე.

„ჩემთვის არავითარი მსგავსი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ჯერჯერობით ჩემთვის არ არის ცნობილი რომ მსგავსი საკითხი საერთოდ განიხილება გუნდში,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

გედევან ფოფხაძის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ჩანაცვლებაზე ინფორმაციას უარყოფს ვანო ზარდიაშვილიც.

„ჩემი თანდასწრებით ეს საკითხი განხილული არ ყოფილა შესაბამისად მე მომავლის თეორიებზე ვერ ვაგებ ჩემს პასუხს. იურიდიულ კომიტეტში არანაირი დაძაბულობა არ არსებობს, ძალიან საქმიანი რეჟიმია. ვმუშაობთ ძალიან ეფექტურად. იურიდიული კომიტეტი არის პარლამენტის გული. ყველაზე აქტიური საკანონმდებლო პროცესები იურიდიულ კომიტეტში მიდის. შესაბამისად აქ რაიმე პროცესების განვითარებას გამოვრიცხავ,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. 

დღის ამბები