18 ივლისი 2018,   23:59
ვრცლად
არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება - მმართველი გუნდი და "ევროპული საქართველო" პრეზიდენტს უპირისპირდება 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მწვავე განცხადებას,  მწვავე შეფასებები მოჰყვა ბრალდების ადრესატების მხრიდანაც.

„ქართული ოცნება“ გიორგი აბაშიშვილის ბრალდებებს, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში, ასევე ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების მცდელობაში დაადანაშაულა, აბსურდს უწოდებს.

დეპუტატების თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ გადაფარონ.

„ეს არის აბსურდი და არასერიოზული ამ საკითხზე კომენტირება. მთავარი გეტყვით რა არის მიზანი - დაწყებული ანა დოლიძის განცხადებიდან, გაგრძელებული აბაშიშვილით, ეს არის მცდელობა გადაიტანონ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, რაც მოჰყვა პრეზიდენტის უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს შეწყალებებთან მიმართებაში, ეს ყველაფერი გადაიტანონ და გადაფარონ სხვა თემით,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

„ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო გარიგების შესახებ ბრალდებას უარყოფენ ევროპულ საქართველოშიც.

„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში მე შორს აღარ წავალ. პრეზიდენტი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

დღის ამბები