24 აპრილი 2018,   14:30
ვრცლად
თურქეთისგან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილის ღიად დაფიქსირება მნიშვნელოვანია - ქართველი ექსპერტები

საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე თურქეთის პოზიცია მნიშვნელოვანია - ასე აფასებენ ქართველი ექსპერტები მეზობელი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას.

თურქეთს რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება სურს, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ოფიციალური ანკარა 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ალიანსის გაფართოების მიზნით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელოდება. ქართველი ექსპერტები კი თვლიან, რომ თურქეთის პოზიცია მნიშვნელოვანია.

„საქართველო ახლოს არის ნატოში გაწევრიანებასთან რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაჟღერება დროულია და მნიშვნელოვანია,“- აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

"ევროპული კვლევების" დირექტორი გიორგი რუხაძე კი ამბობს, რომ მაშინ, როცა რუსეთზე წნეხი ძლიერდება საქართველოსთვის მომგებიანი პერიოდი იწყება.

„თურქეთი ყოველთვის იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი, ამას ყოველთვის აქტიურად გამოხატავდა და ეს დასაფასებელია. რუსეთის წინააღმდეგ წნეხი ძლიერდება, ამ კონტექსტში საქართველოსთვის დგება მომგებიანი  პერიოდი ალიანსში  გაწევრიანებაზე თუ არ არის საუბარი მინიმუმ სამოქმედო გეგმის მიღებაზე“- აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე.

დღის ამბები