19 ოქტომბერი 2018,   22:56
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - სამხარაულის ბიუროს დასკვნამ  საქმეში კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა

51-ე სკოლის მოსწავლეების საქმეში სამხარაულის ბიუროს დასკვნამ კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა. დაღუპულების ოჯახებში აცხადებენ, რომ დოკუმენტიდან არ ირკვევა, ვინ მიაყენა მოზარდებს სასიკვდილო ჭრილობები.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა სასამართლოში პროკურატურამ დღეს წარადგინა. დასკვნამ ზაზა სალარიძეს კიდევ უფრო გაუმყარა ეჭვი, რომ მის შვილს, ბრალდებულის სკამზე მსხდომი არასრულწლოვნების გარდა, ჭრილობები სხვებმაც მიაყენეს, თუმცა, მათი ვინაობა გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია.

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ხუთთვიანი კვლევის შედეგად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს ყველა გარემოება. პროკურორის მტკიცებით, იდენტიფიცირებულია დანაშაულის იარაღიც და ის საქმეში არსებული 2 დანაა, თუმცა, ამ 2-დან რომლით არის მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა, ამას არ აკონკრეტებენ.

საპირისპიროს აცხადებენ ბრალდებულთა ადვოკატები.

მათი მტკიცებით, დღეს პროცესზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, რომელი დანით აქვთ მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები დავით სალარიძეს და ლევან დადუნაშვილს.

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან საქმეში ორ დღეში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. "ნუ მომკლავ!" - ამ მოწოდებით სასამართლოს ეზოში მოკლული მოზარდების მეგობრები შეიკრიბნენ. ისინი ყველა დამნაშავე პირის დასჯას მოითხოვდნენ.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები