17 აგვისტო 2018,   19:46
ვრცლად
ბულინგი მე-7-ე კლასის მოსწავლეზე - დაზარალებული და მოძალადეები კვალვ ერთ სკოლაში დადიან

ბულინგის მსხვერპლი ბავშვი დედა მოძალადეების დასჯას ითხოვს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც სამი მოსწავლე მეშვიდე კლასის მოსწავლეს ფიზიკურად უსწორდება და აიძულებს, აღიაროს სექსუალური ხასიათის ქმედება, რომელიც არ ჩაუდენია.

დაზარალებული ბავშვის დედა ამბობს, რომ ეს ბავშვები სკოლაში ჩვეულებრივად დადიან და მათთვის პასუხი ამ ქმედებისთვის არავის მოუთხოვია.

გარდაბნის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის დედამ მის შვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ შეიტყო.

დედა ამბობს, რომ ბავშვი ხშირად გაღიზიანებული იყო, რის გამოც ფსიქოლოგს მიმართეს. მშობელი ძალადობის სხვა ფაქტების შესახებაც ყვება. თანასკოლელები მის შვილს ფულს ხშირად სძალავდნენ.

სკოლაში ჩაგვრის ფაქტს არ ადასტურებენ ვიდეოში მონაწილე ბავშვების მშობლები.

სამი მოსწავლის სკოლიდან გაშვებას, დაზარალებული მოსწავლის მშობელთან ერთად, სხვა მშობლებიც ითხოვენ. მათ დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს და დირექტორს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების, ასევე უკანონო ვიდეოჩანაწერის გავცელების მუხლით დაიწყო.

ვიდეოპორტალიდან და სოციალური ქსელიდან ჩანაწერი უკვე წაშლილია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს 3 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები