26 მაისი 2018,   14:13
ვრცლად
კორუფციული სქემა სარფის საბაჟოზე - მთავრობის დაწესებული რეგულაციით, ავტოსადგომის შემოსავალი წელიწადში 7 მილიონი ლარია

ბოლო რამდენიმე წელია, ყველა სატვირთო ავტომობილი, რომელიც თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთას გეგმავს, ვალდებულია, კერძო კომპანიას 30 ლარი გადაუხადოს. ყოველდღიურად საქართველო-თურქეთის საზღვარს 700 სატვირთო მანქანა კვეთს. სამი კერძო ავტოსადგომის შემოსავალი კი მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციით, წელიწადში 7 მილიონი ლარია.

აჭარაში 2014 წლის შემდეგ 3 ავტოპარკი მუშაობს, მძღოლები ვალდებულები არიან იქ გაჩერდნენ და დგომის საფასური გადაიხადონ. ოფიციალური ვერსიით, ავტოსადგომებით გამშვებ პუნქტზე რიგების რეგულირება ხდება, თუმცა, თუ რიგი არ არის, სადგომზე შესვლა და 30-ლარიანი ქვითრის აღება მაინც სავალდებულოა.   

ოპოზიციამ გაარკვია, ვის ეკუთვნის ავტოსადგომები. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის, მტკიცებით, სამივე პარკინგი ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით. მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ჭყონიაა, რომელიც ქართული ოცნებისმსხვილი შემომწირველია. მას სხვადასხვა დროს ჯამში მმართველი პარტიისთვის 180 ათასი ლარი აქვს გადარიცხული.

კორუფციას და კონკრეტული კომპანიების მფარველობას შემოსავლების სამსახურში გამორიცხავენ.  

არასამთავრობო ორგანიზაცია ჰაბ ჯორჯია აჭარაში ავტოპარკების საკითხს რამდენიმე თვეა, სწავლობს. ვასო ურუშაძე ამბობს, რომ კონკრეტული კომპანიების არსებობა ხელისუფლების ინტერესშია.

ჰაბ ჯორჯია და ოპოზიცია ითხოვს, რომ საკითხი კონკურენციის სააგენტომ შეისწავლოს.

დღის ამბები