26 მაისი 2018,   14:06
ვრცლად
ქართული ფაშისტური მოძრაობა შავპერანგიანთა რაზმებით - დაჯგუფების წევრები ფაშისტურ იდეოლოგიას იზიარებენ

კურიერმა გაარკვია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც თავს "ქართველ ფაშისტებს" უწოდებენ, იუსტიციის სამინისტრომ "საქართველოს ეროვნული ერთობის" სახელით დაარეგისტრირა.

წითელი სამკლავურებით აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები ბოლოს 13 მაისის კონტრაქციაზე გამოჩნდნენ. ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი ჭელიძე ამბობს, რომ მის რიგებში ასეულობით ადამიანი ირიცხება და ყველა ფაშისტურ იდეოლოგიას იზიარებს.

კურიერის კითხვაზე, ვინ აფინანსებს მათ ორგანიზაციას, ჭელიძე პასუხისთვის პირდაპირ ეთერს ითხოვს.

ოფიციალურ დოკუმენტებში დაჯგუფების ხელმძღვანელად თორნიკე კივილაძეა მითითებული, თუმცა, ის ამბობს, რომ ორგანიზაციის რიგები მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა თანადამფუძნებელმა ფაშიზმის გზა აირჩიეს.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების მიმართ აგრესიულად განწყობილმა კონტრაქციის მონაწილეებმა მუქარის შემცველი არაერთი გზავნილი გააჟღერეს. თუმცა, ფაშისტური მოძრაობის წევრების ნაწილი, როგორც წესი, საჯარო დემონსტრაციებზე სახეს მალავს.

ქართველი ფაშისტების ლიდერი ყვება, რომ მის რიგებშია შავპერანგიანთა რაზმი, რომელებსაც ძირითადად აქციებზე იყენებენ. ოფისი არა აქვთ, ამიტომ შეკრებებს სტადიონებზე მართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი რადიკალური მოძრაობების უკან რუსულ კვალს ხედავს.

უფლებადამცველების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტილიბერალური მოძრაობების აგრესიულ ქმედებებზე ადეკვატურად არ რეაგირებს.

მომდევნო აქციას ფაშისტური მოძრაობის წევრები 17 მაისს კვლავ რუსთაველის გამზირზე აანონსებენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები