26 მაისი 2018,   14:16
ვრცლად
პრემიერმა თელავში, ბატონის მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, ბატონის მუზეუმი გახსნა. მუზეუმის მშენებლობა რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

სამუზეუმო ექსპონატები დღეს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ სარა მაიკლთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გაგი ბუაძესთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.

„დღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა! კახეთს, კონკრეტულად კი თელავს, შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და კულტურული სივრცე - მეფეთა სასახლის შემდეგ უკვე ბატონის ციხის მუზეუმი, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. მე მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თელაველებისთვის ერეკლე მეორის სახელი, მისდამი პატივის მიგება და პირველ რიგში, თელაველებს გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. ვულოცავ, რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს! თელავის ბატონის ციხე უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის საშუალებას აძლევს მომავალ თაობებს მიეახლონ ისტორიას, ხელით შეეხონ მას, სათანადო პატივი მიაგონ ჩვენს უდიდეს წინაპრებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ამ კომპლექსს შეემატა მუზეუმი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა მოწყობილი და 65 000 ექსპონატია დაცული მის სივრცეში. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაჰკანკალებდნენ თითოეულ ექსპონატს და დღევანდელ დღეს, უკვე მომავალ თაობას შემოუნახეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი, რთული პერიოდის განმავლობაში დაიცვეს ექსპონატები და მართლაც, გმირული საქციელი ჩაიდინეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

 

დღის ამბები