26 მაისი 2018,   14:15
ვრცლად
რუსეთის პატრიარქი საქართველოში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - თეოლოგები რუსული გავლენების გაძლიერების საფრთხეებზე საუბრობენ 

რუსეთის პატრიარქი საქართველოში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი რუსეთის საპატრიარქოში ამ დროისთვის საგარეო საქმეთა განყოფილებას კურირებს. რუსული ეკლესიის ერთ-ერთი გავლენიანი მღვდელმსახური თბილისში რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, 2 წლით ჩამოვა.

საქართველოს საპატრიარქოში პრობლემას ვერ ხედავენ და პატრიარქ კირილის წარმომადგენლის დანიშვნა ჩვეულებრივი სასულიერო პირის როტაციად მიაჩნიათ. რუსეთის ეკლესიის მაღალი იერარქები კი არ მალავენ, რომ მღვდელს მრევლთან რუსულად ქადაგების გარდა, კიდევ ერთი მთავარი მისია ექნება - პატრიარქ კირილის ბრძანების თანახმად, დეკანოზმა ვლადიმერ ალექსანდროვმა საჭიროების შემთხვევაში საქართველოში რუსული ეკლესიის ინტერესები უნდა დაიცვას.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობა, მოსკოვში რუსული ეკლესიის პოლიტიკურ მიზნებს გამორიცხავს, მამა კახაბერ გოგოტიშვილი რომელიც უკვე მეორე თვეა მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მიავლინეს ამბობს, რომ თბილისში ახალი მღვდლის დანიშვნას რუსულენოვანი მრევლი ითხოვდა.

იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყებს მსახურებას.

ორი საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას რადიკალურად განსხვავებულად აფასებენ თეოლოგები.

სპეციალისტების ერთი ნაწილი თვლის, რომ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოგზავნით რუსული იმპერიალისტური გავლენები ქართულ ეკლესიაში კიდევ უფრო გაძლიერდება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქათველოს საპატრიარქოში სინოდის წევრების ნაწილში რუსული ეკლესია დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

დღის ამბები