26 მაისი 2018,   14:15
ვრცლად
90-იან წლებში შეჩერებული მშენებლობები და 25 წელი ბინის მოლოდინში - 3 000 თბილისელი ბინას მიიღებს

ღია ცის ქვეშ დარჩენილი 3000 თბილისელი ბინებს ახალი ინვესტორისგან მიიღებს. ეს ის მოქალაქეები არიან, ვინც 90-იან წლებში ფული კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის გადაიხადა, თუმცა მძიმე წლებში მშენებლობები შეჩერდა ან საერთოდ არ დაწყებულა და თანხაც გაქრა.

სოციალური სახლების აშენებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს დაზარალებულების დაკმაყოფილების აუცილებლობაზე დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. დედაქალაქის მერია ტენდერს მომდევნო კვირას გამოაცხადებს. გამარჯვებულ დეველოპერულ კომპანიას კორპუსის კოეფიციენტი შეზღუდული არ ექნება, ბიზნეს კომპანია მიწის ნაკვეთს სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიიღებს. თბილისის მერიას უკვე მოძიებული აქვს 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც ნუცუბიძის პლატოსა და დიდ დიღომში მდებარეობს.

ქალაქის მერი ამბობს, რომ დედაქალაქის მასშტაბით სახელმწიფოს 3 ათასი ოჯახის ვალი აქვს. პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება, პრიორიტეტი კი სოციალურად დაუცველი ოჯახები იქნებიან.

ინიციატივასთან დაკავშირებით კი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს „ევროპული საქართველოს“ წევრები საკრებულოში იბარებენ.

კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება.

დღის ამბები