19 ოქტომბერი 2018,   22:55
ვრცლად
პროკურორი ჩემს საცემად გამოიწია - ხორავას ქუჩის საქმის ადვოკატი

„ნამდვილად გამოიწია ხელით და მითხრა, ნახე, რას გიზამო,“ - ეს განცხადება ხორავას ქუჩის საქმის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ, სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც პროკურორებსა და ადვოკატს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადვოკატის თქმით, პროკურორების გაღიზიანება დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნამ გამოიწვია. ადვოკატი ინგა შარაშენიძე აცხადებს, რომ ერთი პროკურორი ემუქრებოდა, ხოლო მეორე მისკენ საცემად გაიწია.

„მითხრა, რომ მე წარვადგინე ექსპერტიზის ყალბი დასკვნა და შესაბამისად, მიიღებდა ზომებს. ერთი პროკურორისგან იყო მუქარა, მეორესგან იყო შეურაცხყოფა. ეს იყო ზვიადი, გამოიწია ნამდვილად და მითხრა, ნახე, რას გიზამო,“ - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე კი ადვოკატის ბრალდებას უარყოფს.

„მინდა, განვაცხადო, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე. კომენტარის გაკეთება შეიძლება ისეთ ფაქტთან დაკავშირებით, რაც რეალობაში მოხდა, მაგრამ რაც რეალობაში არ მომხდარა, იმასთან დაკავშირებით, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მინდა, გავაცხადო, რომ არანაირ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჯერ ვინმეს, მითუმეტეს, საცემად გამოიწია, ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ეს განცხადებაც შეურაცხმყოფელია და კითხვის დასმაც შეურაცხმყოფელია,“ - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები