17 აგვისტო 2018,   19:44
ვრცლად
„კურიერმა“ ბოდლეიანის ბიბლიოთეკის არქივში დაცული 1907 წლის ქართველი ხალხის პეტიციაზე თანდართული 3 ათასი ხელმოწერა გადაიღო

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კურიერს ოქსფორდში, ბოდლეიანის ბიბლიოთეკის არქივში დაცული 1907 წლის ქართველი ხალხის პეტიციის და მასზე თანდართული ხელმოწერების გადაღების უნიკალური შესაძლებლობა მიეცა.

1907 წლის ქართველი ხალხის პეტიციაზე თანდართულ 3 ათას ხელმოწერას, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებას არ უნახავს, ბოდლეიანის ბიბლიოთეკაში ახლახან მიაკვლიეს. პეტიციით ქართველები მეფის რუსეთის მიერ საქართველოს რბევის შეწყვეტას და ავტონომიას მოითხოვდნენ.

დოკუმენტი, რომელიც ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნეს, მოგვიანებით 1920 წელს სერ ოლივერ ვორდ როპმა ბოდლეიანის ბიბლიოთეკას გადასცა.

ქართველმა პოსტ სადოქტორო მკვლევარმა, ბექა კობახიძემ, პეტიციის მოძებნაში დახმარება ბოდლეიანის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის სექციის ხელმძღვანელს, ჯილიან ევისონს, სთხოვა.

პეტიცია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიას აღწერს - გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ შეთანხმება რუსეთმა დაარღვია და დაიპყრო ქვეყანა. პეტიციის ხელმომწერები, საბოლოო ჯამში, საქართველოს ავტონომიას და რბევის შეწყვეტას მოითხოვდნენ. დოკუმენტის ტექსტი 3 ენაზე - ქართულად, ინგლისურად და ფრანგულადმ შედგა. 

 

ბმულზე მოცემულია იმ ადამიანების გვარები, ვინც 1907 წლის პეტიციას ხელს აწერდა

 

 

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი 

დღის ამბები