22 სექტემბერი 2018,   00:43
ვრცლად
ზაზა სარალიძესთან და ზვიად კუპრავასთან საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების გამო, პოლიციელებს საყვედური გამოუცხადეს

მხოლოდ საყვედური - ამ სანქციით შემოიფარგლა შს სამინისტრო იმ პოლიციელების მიმართ, ვინც საქალაქო სასამართლოს სასადილოში ზაზა სარალიძეს და ზვიად კუპრავას დაუპირისპირდა.

ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელს კი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს.

მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა. შემოწმების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთა.

ზაზა სარალიძემ შს სამინისტრო გენერალურ ინსპექციას მას შემდეგ მიმართა, რაც საქალაქო სასამართლოს სასადილოში მასსა და ზვიად კუპრავას პოლიცია დაუპირისპირდა და კუპრავა სასამართლო დარბაზში დროზე ადრე ძალის გამოყენებით დააბრუნა.

„რა თქმა უნდა, ცოტა მეტი სასჯელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დავკმაყოფილდები იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ჩემი დაინტერესება ადამიანზე უხეშად შეხება. პირველ რიგში, მე ყველას ვუყურებ როგორც ადამიანი და შემდგომ უკვე როგორც თანამდებობის პირი. ეს იყო ძალიან ცუდი ნაბიჯი მათი მხრიდან და იმედია შესაბამისი სასჯელი მიიღეს და აქედან გამომდინარე, სხვებიც იგივე გადაცდომას არ გააკეთებენ. ჯერჯერობით, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ გამოვითხოვ აუცილებლად სახელ და გვარებსაც და მეცოდინება ვინ არის. ერთ-ერთი დაახლოებით ვიცი, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილეა,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები