13 ნოემბერი 2018,   09:51
ვრცლად
პოლიტიკური სიძულვილით კი არ უნდა შეაფასოთ ადამიანები, არამედ კომპეტენციით - ოპოზიციისა და მინისტრების მწვავე შეხვედრა

მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლების ოპოზიციასთან შეხვედრა მწვავე იყო. ევროპული საქართველოსთან შეხვედრა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევროპულმა საქართველომ 10 მიზეზი ჩამოთვალა, თუ რატომ უნდა დაეტოვება თანამდებობა თეა წულუკიანს, რასაც დებატები მოჰყვა.

ოთარ კახიძემ კითხვით პრემიერობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს, მიმართა.

„სასამართლო რეფორმაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოგითვალეთ, რომლებიც პირდაპირ არ ენდობიან იმ ფიგურას, რომელიც აქ წარმოგვიდგინეთ, როგორც თქვენი გუნდის სამომავლო წევრი, მინიმუმ, სამი კვირა ასეა. ამიტომ კითხვა გეხებათ თქვენ და არა ქალბატონ თეას. მე მისგან პასუხის მიღება არ მაინტერესებს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა.

„მგონი, ჩემთვის გამოხატვის თავისუფლება არავის წაურთმევია, ეს წერია კონსტიტუციაში. ახლა კარგად მომისმინეთ კითხვებზე, თქვენ მე რომ არ მოგწონვართ, ეს კარგია იმიტომ, რომ თქვენ ადეიშვილიც მოგწონთ, რომლის მოადგილე იყავით ბედნიერი სახით,“ - აღნიშნა წულუკიანმა, რაზეც ოთარ კახიძემ მიმართა მას, რომ პოლიტიკური სიძულვილით კი არ უნდა შეაფასოს ადამიანები, არამედ კომპეტენციით.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მამუკა ბახტაძეს მიმართა, რომ ოპოზიციას მისგან უნდა პასუხების მოსმენა და არა თეა წულუკიანისგან.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები