22 სექტემბერი 2018,   00:44
ვრცლად
დატბორილი სახლები, სარდაფები და გაუმართავი სანიაღვრე არხები - წვიმამ კვლავ პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

წვიმამ კვლავ პრობლემები შეუქმნა თბილისს - დაიტბორა სახლები, სარდაფები და ჩახერგილი გზები.

გიორგიწმინდას დასახლებაში საცხოვრებელების პირველი სართულები დაეტბორა ათამდე ოჯახს. მოვარდნილმა წყალმა კი მშენებარე ხიდის შემოვლითი გზა ჩახერგა, რაც დასახლებაში ერთადერთი სამანქანე გზაა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის დროს მათი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემაა.

ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზეც. მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობა დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობდა. სალოსის მცხოვრებლებიც, სანიაღვრე არხების გაუმართავობის გამო, გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

რამდენიმესაათიანი სტიქიის განმავლობაში პრობლემები შეექმნა ვარკეთილის, დიდუბე- ჩუღურეთისა და მუხიანის მოსახლეობასაც.

დედაქალაქის მერიაში პრობლემას აღიარებენ. ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურში პირობას დებენ, რომ სანიაღვრე არხების კაპიტალური შეკეთება მოხდება, ოღონდ ეტაპობრივად.

ძლიერი წვიმის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. სტიქიასთან ბრძოლის დასახმარების თხოვნით 112-ში სამასამდე შეტყობინება შევიდა.

 

 

 

ავტორი: ნათია ჟამერაშვილი 

დღის ამბები