22 სექტემბერი 2018,   00:43
ვრცლად
სტრუქტურული და სამთავრობო ცვლილებები - გია ვოლსკი უარყოფს, რომ მიმდინარე მოვლენები საპროტესტო ტალღას უკავშირდება

ცვლილებები მთავრობაში - გია ვოლსკი არ ეთანხმება ვერსიას, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბოლო პერიოდის საპროტესტო ტალღას უკავშირდება.

მმართველი გუნდის წევრი გადაცემა არჩევანში ამბობს, რომ ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მეორე დღეს გიორგი კვირიკაშვილის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. ის ადასტურებს, რომ სხვადასხვა თემებზე შეხვედრაზე კამათი იყო, თუმცა, პრემიერის გადადგომაზე საუბარი - არა.

გია ვოლსკის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც არ გვარდება, მთავრდება ერთი შედეგით, რომ რომელიმე მხარემ უკან უნდა დაიხიოს.

„პრემიერმა გადაწყვიტა, რომ უნდა გადამდგარიყო იმ პირობებში, როდესაც მისი პოზიციები არ თანხმდება იმ პოზიციებთან, რომელიც გააჩნია გუნდს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებებს სოციალურ პრობლემებს და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება. მან იუნისეფის კვლევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი არ ყოფილა ერთადერთი, რაც ასეთი ცვლილებების მიზეზი გახდა. მისი თქმით, პრობლემა იყო ის, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა.

დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა სწორი არჩევანი.

ის დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში ქვეყნას ექნება კონცეფტუალური ხედვა პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

გია ვოლსკი ადასტურებს, რომ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ქართულ ოცნებაში,  საუბარი შეეხო სარალიძის საქმესაც.

„უდიდეს ქედის მოხრას და წუხილს გამოვხატავ ამასთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ლაპარაკი იყო იმაზე, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი. ეს არ იყო დაკავშირებული პრემიერ-მინისტრის გადადგომის საკითხთან,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ პროკურატურის პოზიცია ასცდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ უნდა გაირკვეს, რომელიც ინსტიტუცია ცდება.

დეპუტატი ამბობს, რომ არც მმართველი გუნდის მხრიდან, არც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოთხოვნა, რომ გადამდგარიყო მთავარი პროკურორი, არ იყო. თუმცა, გია ვოლსკი თვლის, რომ რადგან კითხვები გაჩნდა ამ საქმეზე, ირაკლი შოთაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

რაც შეეხება ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს, რომელთა შეცვლასაც ითხოვდა საზოგადოების ერთი ნაწილი საპროტესტო აქციების დროს და რომლებიც, როგორც ჩანს, ახალი მთავრობის შემადგენლობაში რჩებიან, გია ვოლსკი ამბობს, რომ არასწორია საუბარი იმაზე, რომ მთავრობა იმიტომ გადადგა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ის ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სიმართლე დადგინდება. 

დღის ამბები