20 ივლისი 2018,   01:23
ვრცლად
„თოჯინების თეატრი“ - ლევან სამუშია ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებზე

„თოჯინების თეატრი“ - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი, ლევან სამუშია, გადაცერმა არჩევანში ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებს.

ლევან სამუშიას თქმით, „თოჯინების თეატრს“ ბიძინა ივანიშვილი მართავს.

ის აცხადებს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს პოლიტიკური წარსული არა აქვს, რაც სამომავლოდ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებშიც აისახება.

„ეს არის ცინიზმი და დაცინვა, ვინაიდან ადამიანს არანაირი პოლიტიკური წარსული არ გააჩნია. მისი საერთაშორისო გამოცდილება არის ბილ გეიტსთან შეხვედრა და ვეფხისტყაოსნის გადაცემა. ეს არის მისი საერთაშორისო წარსული. წარმოიდგინეთ, რა სერიოზულობით შეხედავს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ყველაფერს და იმოქმედებს თუ არა ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, მომავალზე ეს ყველაფერი? ბუნებრივია, იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ რაღაც შეიცვლება, ერთი მინისტრი წავა თუ მეორე მინისტრი მოვა, ამით რამე შეიცვლება, ეს გამორიცხულია,“ - განაცხადა სამუშიამ.

სამუშიას თქმით, არცერთი პრემიერი არ იღებს რეალურად ქვეყანაში გადაწყვეტილებას, მის ნაცვლად ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას. 

მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის გადაფარვას ცდილობს მმართველი გუნდი. ლევან სამუშიას თქმით, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რათა სამართალდამცავი სისტემის რეფორმა განხორციელდეს.

ლევან სამუშია იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩეოდა, როდესაც წინსვლაზე საუბრობდა.

"მუქარა, რომ, თითქოს, წულუკიანი ოპოზიციაში წავა, უბრალოდ, სასაცილოა ოპოზიციონერი წულუკიანი. წულუკიანი თუ იქნება, იქნება ამ პირობებში, თორემ შემდგომ წულუკიანის პოლიტიკური მომავალი, უბრალოდ, სასაცილოა," - განაცხადა სამუშიამ.

დღის ამბები