14 დეკემბერი 2018,   17:45
ვრცლად
"ოცნება" არჩევანის წინაშე დგას - "საქნახშირი" მზად არის, სახელმწიფოს შახტი უსასყიდლოდ გადასცეს

მმართველი გუნდის წევრი, დავით ჭიჭინაძე, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გადადგომას ურჩევს.

საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც ტყიბული ტრაგედიაში ექსპრემიერი დაადანაშაულა და თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა შრომითი უსაფრთხოების კოდექსის გამკაცრებას ხელი შეუშალა.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, კობახიძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და წავიდეს.

ვისი ბრალია, რომ დღეს ქვეყანა კანონით ვერ იცავს მოქალაქეებს, ვისაც ურთულესი სამუშაო პირობები აქვს, ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი, კობახიძის მსგავსად, თითს კვირიკაშვილისკენ იშვერს, ნაწილი კი ვერ იხსენებს დღეს, როდესაც ყოფილმა პრემიერმა კანონის გამკაცრება დაბლოკა.

ყოფილი პრემიერის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გარდა, ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთი თავსატეხი აქვს. მინდელის შახტის ადმინისტრაცია  მზად არის, მთელი ქონება უსასყიდლოდ სახელმწიფოს გადასცეს.

ტყიბულის მაღაროების მფლობელი კომპანია ამბობს, რომ უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში 13 მილიონი უკვე დახარჯა და დამატებითი ინვესტიციას ვეღარ მოახდენს. ამიტომ მზად არის, შახტი დათმოს.

თუ ქვანახშირის მომპოვებელი საბადოების ნაციონალიზაცია მოხდება, მაშინ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მის მართვასა და 1500 ადამიანის დასაქმებაზე. თუ მთავრობა კერძო კომპანიას გადაიბარებს, ეს ბიუჯეტისთვის ახალი ტვირთი იქნება და საწარმოს დოტაცია დიდი ფული დაჯდება. 

დღის ამბები