14 დეკემბერი 2018,   17:46
ვრცლად
დეპუტატ ბესო ქათამაძეზე მომხდარი თავდასხმა - ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ენმ-მ პროტესტის ნიშნად დატოვა

ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ოპოზიციამ სხდომა მას შემდეგ დატოვა, როცა გაირკვა, რომ საკრებულო დეპუტატ ბესო ქათამაძეზე მომხდარ თავდასხმა პოლიტიკურ შეფასებას არ გააკეთებდა და ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტს არ გამოეხმაურებოდა.

ფაქტი ამავე საკრებულოს შენობაში მოხდა. 

რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

დეპუტატი დავით მჟავანაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისაგან, რომელსაც თავმჯდომარის არ ყოფნაში სხდომა მიჰყავდა, მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას ითხოვდა.

„საკრებულოს თავმჯდომარემ ვერც გაბედა, რომ აქ მოსულიყო და დღეს სხდომას უძღვება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც ერთ-ერთი პროვოკატორი დაადანაშაულა, რომ ის იყო ნაციონალური მოძრაობის ჩანერგილი. ჩვენ მთელი ერთი თვის განმავლობაში მოვითხოვდით, რომ ამ ადამიანს აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

თავის მხრივ თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე, ოპოზიციას გამოძიების დასრულებამდე განცხადებების კეთების მიზანშეუწონლობაზე მიანიშნებდა.

„საკრებულომ არაერთხელ განაცხადა უკვე აღნიშნულის თაობაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ირჩევენ არაკონსტრუქციულ გზას და დღეს მათი პროტესტიც გაუგებარი იყო,“ - აღნიშნა ღურჯუმელიძემ.

კომენტარი გააკეთა თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბესიკ ქათამაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე პროცესებს გაურბის.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ადამიანებთან დანებებას მანამ, სანამ ისინი არ აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, იქიდან გამომდინარე, რომ მათი კოლეგები სწირავენ თავიანთ კოლეგას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში მართლები,“ - განაცხადა ბესიკ ქათამაძემ.

დღის ამბები