20 აგვისტო 2018,   23:13
ვრცლად
პარლამენტს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის ფაქტებზე საუბარი უტყდება - ოპოზიცია ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება 

პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ომბუდსმენმა დეპუტატები კითხვებს უპასუხა. მათ შორის ერთ-ერთი სერგო რატიანი იყო, რომელიც დაინტერესდა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ამოწურა თუ არა სახელმწიფომ საგამოძიებო რესურსი. „ევროპული საქართველოს“ წევრი დაინტერესდა, ხომ არ დადგა დრო რომ პარლამენტმა შექმნას ამ მიმართულებით საგამოძიებო კომისიები.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის მიერ ჩამოთვლილი საქმეები ნამდვილად არის პრობლემატური. მათ შორის არის აფგან მუხთარლის საქმეც.

აფგან მუხთარლის საქმე იყო ნახსენები და ნამდვილად მიგვაჩნია ეს როგორც პრობლემატური საკითხი და სახალხო  დამცველის რეკომენდაცია იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რიგგარეშე სესიაზე სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა ენმ-ც. რომან გოცირიძის განცხადებით, გამოითქვა უამრავი რეკომენდაცია, რომელმაც გამოკვეთა საგანგაშო მდგომარეობა.

„საქართველოს პარლამენტს უტყდება ამ საკითხებზე საუბარი. ეს არის სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის ფაქტების შესახებ საუბარი“,-განაცხადა რომან გოცირიძემ, რაზეც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი ასეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბარს ნამდვილად ერიდება და მათშორის ეს არის უმცირესობების საკითხებიც.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ნინო ლოჯარიამ დეპუტატებთან ისაუბრა სმიტების ოჯახის მკვლელობაა. ემზარ კვიციანი დაინტერესდა ინახულა თუ არა ბრალდებული ომბუდსმენმა.

„მან არ ისურვა ჩვენთან საუბარი და არ ისურვა გაუქმება თუნდაც იმ განცხადებების რაც მან გააკეთა ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად. ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ჩვენი მხრიდან ინტერესი იყო, თუმცა ბრალდებული არ წამოვიდა ჩვენთან კომუნიკაციაზე,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

2016-2017 წლის დოკუმენტში მოხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც ომბუდსმენი პირველად მიუთითებს სიცოცხლის დაცვის უფლებაზე. ანგარიშში საუბარია ასევე აფგან მუხთარლის საქმეზე, სადაც სახალხო დამცველი ითხოვს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.  დოკუმენტში საუბარია ასევე ციხეებში არსებულ ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ციხეებში კვლავ მწვავედ დგას არაფორმალური მმართველობის და ე.წ. კანონიერი ქურდების პრობლემა. ცალკე თავი სახალხო დამცველის ანგარიშში „რუსთავი ორის“ საქმესა ეთმობა. ომბუდსმენი საუბრობს იმაზე, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სისტემური პრობლემები, რომელიც სამართალდამცავ უწყებებში დგას.

ამავე თემაზე
დღის ამბები