16 ოქტომბერი 2018,   10:59
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში - შეხვედრებზე მთავარი აქცენტი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაკეთდა 

ბრიუსელში, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრი პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო. 

პრემიერ მინისტრმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ასევე, მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს აგრძელებს. 

„2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, უფრო გაუარესდა უსაფრთხოებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების მხრივ ვითარება. რუსეთს კი კვლავ, იგივე მიდგომა აქვს. ჩვენ ერთგული ვართ მშვიდობის პოლიტიკის მიმართ. ამის პარალელურად, საქართველოს მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ, რაც მოცემულია ჩვენს სამშვიდობო ინიციატივაში,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორმხრივ მოლაპარაკებებზე საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონში. ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველო გამოწვევებით სავსე სამეზობლოში მდებარეობს. გარდა ამისა, დონალდ ტუსკმა, რამდენიმე დღის წინ, ტყიბულის მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის გამო, მწუხარება გამოთქვა.

„ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერ მხარდამჭერად. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც. საქართველო გამოწვევებით სავსე სამეზობლოში მდებარეობს. ევროკავშირი აფასებს საქართველოს მცდელობებს ამ თვალსაზრისით და მოუთმენლად ელის ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს გამოეხმაურა, ბრიუსელში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

პუტინმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. ზალკალიანმა ყურადღება ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებაში, რაც დადასტურდა კიდეც ნატოს ბრიუსელის სამიტზე,“ - ამბობს ზალკალიანი.

დღის ამბები