13 დეკემბერი 2018,   16:20
ვრცლად
სამშვიდობო ინიციატივა თუ კრემლის მორიგი პროვოკაცია - თბილისში სერგეი შამბას განცხადების საფუძველზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას არ ელოდებიან

საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი პრემიერ მინისტრის სერგეი შამბას განცხადებებს თბილისში დადებითად აფასებენ, თუმცა რეალურ პროგრესს არ ელოდებიან.

დიალოგის საჭიროებებზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა "Эхо Москвы"-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. სერგეი შამბა ერთის მხრივ, მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მიუთითებს, თუმცა აფხაზეთსა და საქართველოს როგორც მეზობელ ქვეყნებს, ისე მოიხსენიებს.

სერგეი შამბას განცხადების საფუძველზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას თბილისში არავინ ელოდება. მმართველი გუნდი დეფაქტო ხელისუფლებას და პოლიტიკოსებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ახსენებს და განმარტავს, რომ საუბარი მხოლოდ ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრებაზე შეიძლება იყოს.

სერგეი შამბა წლების განმავლობაში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ის წევრი იყო, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ყველაზე ხშირად მართავდა. ის ერთადერთი პოლიტიკოსი იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც თბილისში ჩამოვიდა. შეხვედრა 2008 წელს შედგა. სერგეი შამბა საქართველოს მთავრობის წევრებს სოხუმშიც მასპინძლობდა.

დავით ბაქრაძე ბოლო ოფიციალური პირი იყო, რომელიც სოხუმში იმყოფებოდა. მაშინდელი რეინტეგრაციის მინისტრი შამბას კარგად იცნობს.

მესამე მხარის გარეშე, დეფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლებთან რაიმე მოლაპარაკებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობა“.

პროევროპული ოპოზიცია ერთსულოვანია და ყველა თანხმდება, რომ მოლაპარაკება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უნდა იყოს.

სერგეი შამბას განცხადების შემდეგ, მოლაპარაკების ახალ ეტაპს ექსპერტები არ ელოდებიან. ოკუპირებულ ტერიტორიებს მთლიანად რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ, ამიტომ სპეციალისტების აზრით, გადაწყვეტილებებს ყველა შემთხვევაში კრემლი იღებს.

 

დღის ამბები