24 სექტემბერი 2018,   03:02
ვრცლად
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება დაიკარგა 

ქართველი მეზღვაურების  ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.  უკვე მეხუთე დღეა გვინეის ყურეში გაუჩინარებული ხომალდთან და ეკიპაჟის წევრებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ნავთობმზიდ ტანკერთან, რომელზეც 17 ქართველია, ბოლო კომუნიკაცია 14 აგვისტოს გემის მფლობელ კომპანიას ჰქონდა. მას შემდეგ ეკიპაჟის შესახებ არაფერია ცნობილი.

ხომალდ "პანტელენას" განაში ორ პორტს შორის შიდა რეისი უნდა შეესრულებინა. ერთ-ერთი ვერსიით, ნავთობისა და ქიმიური ნივთიერების გადასატანად განკუთვნილი ტანკერი მეკობრეების ხელში აღმოჩნდა.

დამსაქმებელ კომპანიაში გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან აქვთ ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ტვირთის წართმევის მიზნით, მეზღვაურებს მეკობრეები დაესხნენ თავს. თუმცა ბათუმში მდებარე კომპანიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია, თითქოს, თავდამსხმელები სომალელი მეკობრეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მინდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილა საუბარი იმის შესახებ, რომ გემი დააკავეს სომალელმა მეკობრეებმა. სახელმწიფო, რომელშიც გემი „პანტელენა“ მიემართებოდა გადასატვირთად და სადაც დავკარგეთ გემთან კავშირი, იმყოფება აფრიკის მეორე მხარეს, გაბონის რესპუბლიკაში, დასავლეთ აფრიკაში,“ - განაცხადა კომპანია „იალქნის“ წარმომადგენელმა, ანჟელა ოვანესიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საძიებო პროცესში ჩართულია გაერთიანებული სამეფოს სამძებრო ცენტრიც.

დღის ამბები