10 დეკემბერი 2018,   20:48
ვრცლად
ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა და საფრთხეა - თავდაცვის მინისტრი თრუსოს ხეობაში სასაფლაოს დანაღმვის ფაქტს ეხმაურება 

თრუსოს ხეობაში დაგეგმილ პროვოკაციას, სასაფლაოს დანაღმვის ფაქტს, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ეხმაურება. მინისტრი ქვეყნის მთავარ ​გამოწვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი საფრთხე ოკუპაციაა. იზორიას განცხადებით, ხელისუფლება ცალკეული ინციდენტის აღმოფხვრას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეეცდება.

„ის, რომ ოკუპაცია არის მთავარი გამოწვევა და საფრთხე ჩვენი ქვეყნის, ეს არის აღიარებული საერთაშორისოდ. ის, რომ ჩვენ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ავიმაღლოთ ამის წინააღმდეგ ხმა და გადავდგათ ასევე პრაქტიკული ნაბიჯები იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია გარკვეული საფრთხეების, ვაკეთებთ ყველაფერს და ამისთვის მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, იქნება ეს ცალკეული ინციდენტები თუ ცალკეული კონკრეტული ფაქტები, ჩვენ მაქსიმალურად საერთაშორისო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, კი სადამკვირვებლო მისიის აქტიური მონაწილეობით მოვახდენთ ამ საფრთხეების პრევენციას,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ორი დღის წინ სოფელ კობში ქართულ სასაფლაოზე ნაღმი იპოვეს. დანაღმული სასაფლაოს შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს წევრებმა გაავრცელეს. მოძრაობის წევრების თქმით, სასაფლაოზე საოკუპაციო რეჟიმის დროშაც იყო აღმართული. 

ნაღმის არსებობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

დღის ამბები