16 ოქტომბერი 2018,   21:43
ვრცლად
გარკვეულ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ - არასამთავრობოების ნაწილი უწყებათაშორისი კომისიისადმი ბოიკოტის გამოცხადებას არ იზიარებს

უწყებათაშორისი კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მესამე სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მესამე სექტორის ნაწილის და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების მიერ კომისიის დატოვება, კომისიის მუშაობაზე აისახება. 

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ცოტა ხნის წინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ გაემიჯნენ. მათი შეფასებით, კომისია ვერ პასუხობს მთავარ გამოწვევებს.

მესამე სექტორის ნაწილი, რომელიც კვლავ აგრძელებს უწყებათაშორის კომისიაში მუშაობას, აცხადებს, რომ გარკვეულ პრობლემებს ისინიც ხედავენ, თუმცა, ბოიკოტის შესახებ გადაწყეტილება ჯერ არ მიუღიათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის თქმით, კომისიის მუშაობის ეფექტურობაზე აისახება ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების არმონაწილეობა.

„ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ, ვიცით, რომ გარკვეულმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო და პოლიტიკურმა პარტიებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დატოვონ კომისია. ჩვენ ამ ეტაპზე არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვხედავთ კომისიის მუშაობაში, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ ხშირად იქმნება ხოლმე არაკონსტრუქციული გარემო და ფაქტობრივად, ხდება ხოლმე თავდასხმა სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე ან პოლიტიკურ ორგანიზაციაზე,“ - განაცხადა ნატროშვილმა.

ბოიკოტის გამოცხადებას არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე. მისი თქმით, გაცილებით ეფექტური იქნება თუ კომისიაში დარჩებიან და მუშაობას გააგრძელებენ.

„ბოიკოტის რეჟიმი ვერ იქნება იმაზე ეფექტიანი და შედეგიანი, ვიდრე არის დღეს, როცა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს გვაქვს პირდაპირი წვდომა ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან, გვაქვს რესურსი იმისა, რომ მედიას მივაწოდოთ შესაბამისი დარღვევების შესახებ ინფორმაცია და ბუნებრივია, საშუალება იმისა, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს,“ - განაცხადა ბოჟაძემ.

არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, უწყებათაშორისი კომისია და მისი თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, საყოველთაო პროტესტის ადრესატი ხდება.

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კომისია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად გადაიქცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები