16 ოქტომბერი 2018,   21:42
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - დეპუტატების გაშველებას მანდატურები ცდილობენ

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში. მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობისას დაუპირისპირდნენ. ვითარების განმუხტვის მიზნით მანდატურის ჩართვა გახდა საჭირო. 

დეპუტატები "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ დადგენილებას განიხილავდნენ. სერგი კაპანაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა "ქართული ოცნების" წევრს, ზაზა პაპუაშვილს მისცა, სწორედ მის გამოსვლას მოჰყვა ხმაური. მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ სამთვიანი მუშაობის მიუხედავად "ევროპულმა საქართველომ" ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რეალური შედეგი ვერ დადო. პაპუაშვილმა მიმართა უმცირესობის წევრებს, რომ მათ მორალური უფლება არ აქვთ ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ილაპარაკონ.  

„ან რა მორალური უფლება გაქვთ მან რომ ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცებს. ან კომისიის წევრობა და ხელმძღვანელობა რათ გინდათ, წარმოდგენა არ მაქვს. ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, ხმას დაუწიე, როცა ვალაპარაკობ, იდიოტო შენა,“ - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ზაზა პაპუაშვილს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა, ოპონენტებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა.

„რა ახალი გარემოება გამოიხატა, მე თქვენგან პასუხი არ მჭირდება, მე გავცემ ამ კითხვას პასუხს. რა შესძინეთ ამ სამ თვეში ამ საქმეს. რა მოლოდინი იყო ასეთი, რომ ახალი სიტყვა გეთქვათ, რაც ვერ თქვა გამოძიებამ, ვერ თქვა საგამოძიებო ორგანოებმა და თქვენ უნდა გეთქვათ. ამ მოლოდინში ყველა ჩვენთაგანი ვიყავით, რა შესძინეთ, არ გვინდა თქვენი პასუხი, მე გეტყვით - ვერაფერი,“ - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

რაზე საპასუხოდ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ დეპუტატს კითხვა არ დაუსვამს და ვერ უპასუხებს, შესაბამისად.

„ყველას შეუძლია წაიკითხოს ეს დასკვნა და მათ შორის, ამ კითხვაზეც მიიღოს პასუხი. ძალიან მარტივი ქართული ენით წერია იქ, რა არის ახალი აღმოჩენილი, რა არ იყო გაკეთებული, ვისი ახალი პასუხისმგებლობა იკვეთება და ა.შ. და თუ ახლა კითხვაც არ უნდა და არც მოსმენა არ უნდა, ძალიან ძნელია რიტორიკულ კითხვებს აქ ამ რეჟიმში პასუხი გავცეთ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები