16 ოქტომბერი 2018,   21:42
ვრცლად
განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ზეწოლასა და უმაღლესი სასწავლებლების ლობირებაში ადანაშაულებენ

ავტორიზაციის საბჭოს ექსპერტები განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს ზეწოლასა და უმაღლესი სასწავლებლების ლობირებაში ადანაშაულებენ. ექსპერტ ლიკა ღლონტის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი მასზე, როგორც ავტორიზაციის საბჭოს ექსპერტებზე ზეწოლას ახდენდა.

ღლონტის თქმით, ჯაშმა მას დაურეკა და ჰიპოკრატეს უნივერსიტეტისთვის დადებითი შეფასების დაწერა სთხოვა. ექსპერტმა მმართველი პარტიის დეპუტატის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და უარყოფითი დასკვნის გამო უნივერსიტეტი დაიხურა.

ჯაშის მიმართ ბრალდებები განათლების ხარისხის ცენტრის თანამშრომლებისგანაც ისმის.

„კურიერმა“ დეპუტატის გაგზავნილი წერილი მოიპოვა. ხარისხის ცენტრისთვის განკუთვნილ გზავნილში აღნიშნულია, რომ ჯაში გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტის დახმარებას ითხოვს. მარიამ ჯაშმა ამ წერილთან ერთად თამარ სანიკიძეს კიდევ ერთი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის შუამდგომლობა გაუგზავნა. ნოზაძე ადასტურებს, რომ ფერაძის უნივერსიტეტს ლობირებდა.

ჯაშის წერილებმა შედეგი ვერ გამოიღო. ორივე უნივერსიტეტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრი ლობირებდა დაიხურა.

სპეციალისტებს ეჭვი აქვთ, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე უნივერსიტეტების ლობირებას ახლა უკვე საკანონმდებლო ცვლილებების გზით ცდილობს.  

პარლამენტმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა უკვე დაიწყო. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში 16 უმაღლეს სასწავლებელს, რომელსაც აკრედიტაციის ვადა წლის ბოლოს ეწურებათ, ახალი ავტორიზაციისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად დამატებით ერთ წელს მისცემენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ სადავო კანონპროექტში მარიამ ჯაშის პირადი ინტერესები იკვეთება. 

 

  ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები