14 დეკემბერი 2018,   17:48
ვრცლად
მინი კუპერი, BMW X 4 და X 5 - „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ

ძვირადღირებული ავტომობილები მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის - სკანდალური ჩანაწერების კიდევ ერთი ნაწილი ისევ სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მონაწილეობით.

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი ბიზნესის რეკეტის საქმეზე „კურიერმა“ დღეს მოიპოვა. ჩანაწერში ისმის სპორტის ყოფილი მინისტრის ხმა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერს კონკრეტულ ავტომანქანებს, მინი კუპერს, BMW X 4, BMW X 5 და კონკრეტულ მინისტრებს უსახელებს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ნოდარ ხადურს, ვისაც საჩუქარი უნდა გადასცეს.

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე განმარტავს, რომ ასეთი შინაარსის საუბარი, სავარაუდოდ, 2017 წელს შედგა, როცა „ომეგა ჯგუფმა“ ფინანსთა სამინისტროს დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით მიმართა. კონკრეტული მოთხოვნები ბიზნესმენების მიმართ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ამ დროს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო, მისი წინამორბედი კი ნოდარ ხადური.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს სახელით რეკეტის უკან სავარაუდოდ სწორედ ბიძინა ივანიშვილი დგას.

აუდიოჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ საბიუჯეტო თანხების გარდა, „ომეგა ჯგუფმა“ პირადად მას დამატებითი თანხა უნდა გადაუხადოს, რომელიც სპორტის ყოფილმა მინისტრმა სხვა პირებს უნდა გადასცეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ნოდარ ხადური სკანდალურ მასალას საგანგებო განცხადებებით გამოეხმაურნენ. ქუმსიშვილის ადვოკატი დეტალებზე საუბარს ორშაბათს, მას შემდეგ გეგმავს, რაც ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში პატივისა და ღირსებს შელახვისთვის უჩივლებს, ლევან ყიფიანს კი თაღლითობისთვის.

საგამოძიებო უწყებაში მოკვლევა ჯერ მხოლოდ ლევან ყიფიანის პირველი ჩანაწერის შესახებ მიმდინარეობს. ბიზნესის ტერორის კონკრეტულის სქემით კი, სადაც პარტია „ქართული ოცნება“ ფიგურირებს, სამართალდამცველები ისევ არ დაინტერესებულან.

ამავე თემაზე
დღის ამბები