15 ნოემბერი 2018,   02:54
ვრცლად
ბევრი კითხვის ნიშანი, ბევრი პროტესტი გვაქვს ისეთ ადამიანებს, ვინც მათ გვერდში ვედექით და ჩვენი წილი თითო ადამიანი მოყვანილიც გვყავს - ჭოხონელიძე "ქართულ ოცნებაზე"  

სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, სისტემურ დანაშაულებებზე საუბრობს, ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში რუსული კორუფციის ტიპის მმართველობა დაამკვიდრა.

„რუსული კორუფციული ტიპის მმართველობა შემოგვთავაზა ამ ხელისუფლებამ და პრინციპში იქით მიჰყავს ქვეყანა და ეს თანმდევია ასეთი სტილის მართვისთვის, მკვლელობები, კრიმინალები და კიდევ უარესი მოჰყვება ამ ყველაფერს,“-აცხადებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

საზოგადეობის ერთი ნაწილი ღიად აკრიტიკებს ხელისუფლებას, მის პასუხისმგებლობაზე და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მთავარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი - ის გამოიყენებს ამ სიტუაციას იმისთვის, რომ ამ 9 თავიან ურჩხულს, რომელიც თავად შექმნა „ქართული ოცნების“ სახით, მთლიანად მოსპობს, მოაშორებს ქვეყანას ამ მონსტრს თუ მასთან ერთად ჩაიძირება,“-აცხადებს ელისო კილაძე.

საქართველოს ხელისუფლებას სისტემური კრახის აღიარებისა და გადადგომისკენ მოუწოდებს ექსპერტი არჩილ გამზარდია.

„აღიარონ სისტემური კრახი, სისტემური დანაშაულები, მინიმუმ გადაიხადონ პოლიტიკური ფასი და წავიდნენ ხელისუფლებიდან,“-ამბობს არჩილ გამზარდია.

სკანდალური ჩანაწერების გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო.

„ბევრი კითხვის ნიშანი გვიჩნდება, ბევრი პროტესტი გვაქვს უკვე, ისეთ ადამიანებს, ვინც მათ მაქსიმალურად გვერდში ვედექით დაშეიძლება ჩვენი წილი თითო ადამიანი მოყვანილიც გვყავს. არ შეიძლება საზოგადოების მოტყუება, ასე, რომ მე ველოდები მათ ქმედებას,“-აცხადებს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები