15 ნოემბერი 2018,   02:54
ვრცლად
ჩანაწერები გლდანის ციხიდან და მირზა სუბელიანის სკანდალური განცხადებები - ოპოზიცია და მმართველი გუნდი სწრაფ გამოძიებას ითხოვს

ყველა ის თემა, რომელზეც მირზა სუბელიანი ჩანაწერში საუბრობს უნდა იქნას გამოძიებული - ეს პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი ზოიძეს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ იმ ბევრი სკანდალური საქმიდან, რომელსაც ჩანაწერში სუბელიანი საუბრობს, თუ ერთი ფაქტი მაინც იქნება სიმართლე, ეს ნამდვილი კატასტროფის ტოლფასი იქნება.

„ძაან შემაშფოთებელ რაღაცეებზეა საუბარი და თითოეული ეს ფაქტი უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული რაზეც საუბრობს ეს ადამიანი.

რომ საუბრობს ეს არ ნიშნავს რომ ნამდვილად ასე იყო. თუნდაც ძალიან მცირე ნაწილი ამ ბრალდებების რომ იყოს სიმართლე ეს არის სრული კატასტროფა, რადგან მიუღებელია“-ამბობს აკაკი ზოიძე.

ანალოგიური მოთხოვნა აქვს ოპოზიციასაც თუმცა კოლეგა უმრავლესობის დეპუტატებისგან განსხვავებით, ისინი პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ.

„ვისაც ეჭვი შეაქვს ამ ჩანაწერის ავთენტურობაში ის არის ან ბრიყვი ან თამაშობს ლეღვის ფოთლის როლს. ან ელემენტარულად ის ხელს აფარებს დანაშაულს საქართველო დაუბრუნდა ფეოდალური მმართველობის პრინციპებს“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სკანდალური ჩანაწერი არის მტკიცებულება იმის, თუ როგორ და რა მეთოდებით იმართება სახელმწიფო.

„არათუ გამოძიება უნდა დაიწყოს, ჩვეულებრივ ნორმალურ ვითარებაში ეს იქნებოდა მყისიერი დასასრული პოლიტიკური მთავრობის.

ეს საუბარი ემთხვევა საჯაროდ უკვე ცნობილ ფაქტებს, მაგალითად ჩვენი საგამოძიებო კომისიის მიერ უკვე დადგენილ ფაქტებს,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

ჩანაწერები გლდანის ციხიდან 14 ოქტომბერს გავრცელდა. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან, მირზა სუბელიანთან ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს, ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილიც ესწრებოდა.  მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე და მათი გამოძიების ძალადობრივ მეთოდებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება აქვს. 

გარდა ამისა, ჩანაწერში საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები