15 ნოემბერი 2018,   02:53
ვრცლად
პასუხს აგებენ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე, ასობით ადამიანის დაღუპვაზე, რაშიც ბრალი მიუძღვის სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ - კობახიძე 

არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს და კიდევ ერთხელ გაეცემა პასუხი „ნაცმოძრაობას“  ჩადენილი დანაშაულებებისთვის - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის დიდი ნაწილი ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიუძღვნა. ასევე  ისაუბრა „რუსთავი2-ზე", რომელიც მისი თქმით, ისევე მუშაობს, როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია.

ამის მიუხედავად, კობახიძე ამბობს, რომ ოპონენტების დადგმული სცენარები არ გაამართლებს და არჩევნებში მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების დანაშაულია ათასობით დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები.

კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულია ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.  

„ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევნები ლოგიკური შედეგით დასრულდება. არჩევნები დასრულდება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით. კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი „ნაცმოძრაობას“ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩამოვთვალე. ეს იყო, ყაჩაღობა, ძალადობა, რეკეტი და ეს იყო ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ეს იყო ასობით ადამიანის დაღუპვა, რაშიც დანაშაული, ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს, „ნაცმოძრაობას“. ეს იყო ასეულობით სოფლის დაკარგვა, ეს იყო უბედურება, რომელიც დაატრიალა ამ პოლიტიკურმა ძალამ,"- ამბობს კობახიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები