15 ნოემბერი 2018,   02:52
ვრცლად
ჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში - ნიკა გვარამია

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს „რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორი ეხმაურება. ნიკა გვარამია უწყების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „სამარცხვინოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მან გუშინვე დაანონსა, რომ მსგავსი ჩანაწერის გავრცელება იგეგმებოდა.

„სისტემური დანაშაულის დაფარვის საქმეში ჩაერთო მთელი სახელმწიფო აპარატი და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. პირველი, გუშინვე ჩვენ დავაანონსეთ, ჩემი სტატუსით დაანონსდა და ასევე, "კურიერშიც" გავიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში და ამ ჩანაწერის, ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსი ჩვენ აბსოლუტურის სიზუსტით ვიწინასწარმეტყველეთ. მართლაც, დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი იმას ადასტურებს, რომ ჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში და დანაშაულში მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, თავად აუდიოჩანაწერი ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის იმას, რომ ციხეში ფარული მიყურადება მიმდინარეობს.

„მითია ის, რომ დემონტაჟი მოხდა ყველა ფარული ჩანაწერების, რაც ჩვენ საეთეროდაც გვაჩვენეს და დღესაც ციხეებს წინასწარი პატიმრობის საკნებში ფარულად უსმენენ. ამის აღიარება მოხდა დღევანდელი ჩანაწერის გამოქვეყნებით. მეორე, თუ 6 ივლისს, ხაზს ვუსვამ, მეშვიდე თვეს მოხდა ამგვარი ინფორმაციის მიღება საქართველოს უსაფრთხოების ორგანოების მიერ, რატომ არ აღიძრა საქმე, რატომ არ დაიკითხნენ პირები, ფიგურანტები ამ საქმის, რატომ არ დაიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი ჯაფარიძე და რატომ არ დაესვა ყველა ამ ჩანაწერში მოქმედ ფიგურანტს არცერთი შეკითხვა. მესამე, რატომ არ აცნობა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯაფარიძემ კომპეტენტურ ორგანოებს აღნიშნულის თაობაზე, რომ მზადდებოდა ფაბრიკაცია ხელისუფლების ყალბ ბრალდებებში მხილების მიზნით. მეოთხე, თუ იცოდა, ბატონმა ჯაფარიძემ, რომ ასეთი რამ მზადდებოდა, რატომ მოხდა ის კიდევ ერთხელ და არა ერთხელ, რასაც ნახავთ მომდევნო ეთერებში, ბატონ სუბელიანთან საკანში და რატომ მიიღო მონაწილეობა მის მიერ წინასწარ გაცხადებული ყალბი ცნობების შემცველი საუბრების დადგმაში. ანუ ისიც თანამონაწილეა ბატონი სუბელიანის ამ ყველაფრიდან ასე იკვეთება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გამოკვეთილ გარკვეულ უზუსტობებზე საუბრობს. მისი თქმით, ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების, თუმცა, გვარამიას თქმით, 6 ივლისს, რა დროითაც პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი თარიღდება, რუსთაველზე გამზირზე არაფერი ხდებოდა. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ არსებული მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ „ადგილი აქვს ტექსტის წაკითხვას პირდაპირ ეთერში“.

„საუბრის მონაწილეებმა იციან, რომ ისინი არიან პირდაპირ ეთერში და იციან, რომ მათი საუბარი იწერება. ამიტომაც არიან დაძაბულები, ამიტომაც ცდილობენ არ დაუშვან არანაირი შეცდომა საუბრის დროს და ამიტომაც, ისინი საუბრისას, პრაქტიკულად, არ ბილწსიტყვაობენ,“ - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნულ აუდიოჩანაწერში შეგნებულად არის „გაშავებული“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე.

„ზაზა სარალიძის გაშავება არის ამ დადგმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ამოცანა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს პროკურატურის და ხელისუფლების აბსოლუტურად ამორალურ და დამნაშავეობრივ სახეს, შვილმოკლულ მამას, რომელიც მთელი ეს თვეებია, გამოხატავს პროტესტს და დიახ, ჩვენ მას ამ პროტესტის გამოხატვაში გვერდში ვუდგავართ და ყოველთვის და ყველანაირად დავეხმარებით, ცდილობენ, რომ ის გამოიყვანონ კორუფციის, მოსყიდვის, შანტაჟის და ა.შ. მსხვერპლად თუ ავტორად, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან სამარცხვინოა და ძალიან ცუდად მეტყველებს საქართველოს ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

აუდიოჩანაწერი, პროკურატურის ცნობით, 6 ივლისით თარიღდება. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.“

დღის ამბები