15 ნოემბერი 2018,   02:54
ვრცლად
"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს ურთიერთობების განვითარების მოთხოვნა" - მარია ზახაროვა 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. ვიდეოკონფერენცია მოსკოვიდან ტალინთან, კიშინოვთან და თბილისთან  ერთდროულად გაიმართა.

მარია ზახაროვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ საუბრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ორმხირივი ურთიერთობების სრულფორმატიანი განვითარება რუსეთის პოზიციაა. ზახაროვას განცხადებით, რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი არ ყოფილა. 

„თქვენ მოახდინეთ ბატონი კარასინის ინტერვიუს ციტირება. მე ვერაფერს დავამატებ, რადგან ეს ჩვენი საწყისი პოზიციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ორმხრივი ურთიერთობების სრულფორმატიანი განვითარება აუცილებელია. ამას სულ ვიმეორებთ და ყველას ვახსენებთ, რომ რუსეთი არ იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორი ერის კავშირები და ინტერესები იმდენად ძლიერია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებშიც კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები ნელა, მაგრამ ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების მოთხოვნა. ამიტომ, ბატონმა კარასინმა ჩვენი მუდმივი პოზიცია გაიმეორა. რუსეთს არ გაუწყვიტია ეს კონტაქტები. რაც შეება დეტალებს, მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მარია ზახაროვასთან საქართველოდან შეკითხვა რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრას ეხებოდა. შეკითხვა „რუსთავი 2“-მა გრიგორი კარასინზე დაყრდნობით დასვა, რომელმაც არ გამორიცხა რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელია, უბრალოდ მუშაობაა საჭირო.

„მე გავიგე თქვენი შეკითხვა და თუ დეტალური განხილვა არ დამიწყია, ეს იმიტომ არა, რომ სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ ვიცავ სუბორდინაციას. მინისტრის მოადგილემ განცხადება გააკეთა ამ თემაზე და მე შემიძლია ყურადღება გავამახვილო მის შინაარსზე. მან გამოხატა რუსეთის პოზიცია, მე მისი განცხადების კორექტირებას არ მოვახდენ. დიახ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიცია,“ - განაცხადა მარია ზახაროვამ.

დღის ამბები