15 ნოემბერი 2018,   02:52
ვრცლად
პრემიერის უარი პრეზიდენტს და დარღვეული კონსტიტუცია, რომელიც შესაძლოა ბახტაძის იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს

კონსტიტუციის დარღვევა და პრემიერ-მინისტრის შესაძლო იმპიჩმენტი - იურისტები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ასე გაგრძელდეს პრეზიდენტის და მთავრობის მეთაურის ახალი დაპირისპირება. პირველი ღია კონფლიქტი ქვეყნის და მთავრობის მეთაურებს შორის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მოჰყვა.

პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე დასწრება ითხოვა, თუმცა ეს თხოვნა მთავრობის ადმინისტრაციაში მისმა საპარლამენტო მდივანმა გააგზავნა. სწორედ ამ მიზეზით განმარტეს დაძაბული დღის ბოლოს პრემიერის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძის უარი.

მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების" მესამე პრემიერია, რომელიც გიორგი მარგველაშვილს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევს. პრემიერმა პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებას დღეს უპასუხა და განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს თავისი დღის წესრიგი აქვს და პრეზიდენტის მოხსენებისთვის ადგილს ვერ ხედავს.

პრემიერის ამ განცხადებას კონსტიტუციონალისტების მწვავე რეაქცია მალევე მოჰყვა. იურისტებმა პრემიერი ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს და მამუკა ბახტაძეს გააფრთხილეს, რომ პრეზიდენტის მთავრობის სხდომაზე არ დაშვება შესაძლოა მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. კონსტიტუციის 78-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს მდივანს აქვთ უფლება მთავრობის სხდომას დაესწრონ. 

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მთავრობის სხდომაზე დასასწრებად პრეზიდენტმა პრემიერს პირადად უნდა მიმართოს, თუმცა დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი პრემიერის მთავრობის სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით პირადად არ მიმართავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები