15 ნოემბერი 2018,   02:54
ვრცლად
მირზა სუბელიანის გამოკითხვა, სავარაუდოდ, ადვოკატების გარეშე მიმდინარეობს

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამ წუთებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოკითხვამიმდინარეობს.

სავარაუდოდ, მას პროკურორები ადვოკატების გარეშე კითხავენ.

სუბელიანის ორივე ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა და ეკა ხუციშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლა დააგვიანა და შესაბამისად მათ გამოკითხვაზე შესვლა ვერ შეძლეს.

მიუხედავად ამისა, ვერც ერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ დაკითხვა ადვოკატის გარეშე მიმდინარეობს. ჟურნალისტებთან საუბარში სუბელიანის უფლებადამცველები ამბობენ, რომ შესაძლოა საკანში მესამე ადვოკატია შესული, თუმცა ვერ აკონკრეტებენ ვინ არის ეს მესამე ადვოკატი, ან ჰყავს თუ არა სუბელიანს მათ გარდა კიდევ სხვა უფლებადამცველი.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ სუბელიანს, სკანდალურ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხავენ, რომელიც "რუსთავი2"-მა მოიპოვა.

აუდიოჩანაწერში სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და მაღალჩინოსან დავით ცუხიშვილს ესაუბრება და ხელისუფლების წინააღმდეგ გახმაურებული საქმეებზე ჩანაწერების გასაჯაროებით ემუქრება.

სუბელიანი ჩანაწერში ჰყვება, რომ საქმეების გამოძიება მოწმეებზე ზეწოლითა და გატაცებით ხდებოდა. ამის მტკიცებულებები კი მას "დაზღვეული" აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოქვეყნდება.

სუბელიანი ჩანაწერში იმასაც ამბობს, რომ ის ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, ხელისუფლებას გაურიგდა, რომ საპატიმროს ერთ წელიწადში დატოვებს, თუმცა როგორც ამბობს, მისთვის მიცემულ პირობას მაღალჩინოსნები არ ასრულებენ, რის გამოც განაწყენებულია. 

დღის ამბები