20 მარტი 2019,   05:57
ვრცლად
"დღეს ვხედავ, რომ საქართველოში, უფლებადამცველებსაც უჭირთ მუშაობა," - უჩა ნანუაშვილი

საქართველოში  უფლებადამცველების საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას ელჩები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებზე გახშირებულ თავდასხმებზე. უფლებადამცველები ამბობენ, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო  პერიოდმა აჩვენა, რომ მათი სამუშაო გარემო უარესდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში უფლებადამცველებს მუშაობა უჭირთ და ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

"დღეს ვხედავ, რომ საქართველოში, უფლებადამცველებსაც უჭირთ მუშაობა, ისინიც გარკვეულწილად ზეწოლის და დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის, რაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა, ეს არ ყოფილა ზეწოლა ან საქმიანობაში ხელის შეშლა.

„მე ამას არ დავარქმევდი ზეწოლას ან საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს იყო გარკვეული სხვადასხვა განცხადებები, რომლებიც უკეთესი იქნებოდა, რომ ამ განცხადებების გარეშე და ამ დაძაბულობის გარეშე წარმართულიყო მთლიანად საარჩევნო პროცესი, მაგრამ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, არის უკვე წარსულში,  გადავლილია ეს მძიმე პერიოდი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა მომართული უნდა ვიყოთ იქეთ, რომ გვქონდეს მაქსიმალურად კონსტრუქციული და კარგი თანამშრომლობა,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

არჩევნების პერიოდში მიმდინარე ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც უფლებამდაცველების მიმართ გამოვლინდა, საკმაოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს.

„არჩევნების კონტექსტში ნამდვილად ძალიან უარყოფითად შეიძლება შეფასდეს ის დამოკიდებულება, რაც ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა გამოამჟღავნეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების და უფლებადამცველების მიმართ,“ -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი საუბრისას საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო.

„რაც შეეხება არჩევნებს, ბევრი კომენტარი გავაკეთე ამ თემაზე. ვფიქრობ ნათელია, რომ არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანია იმ გამოძიებების დასრულება, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ სამომავლო პერსპექტივიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარის ჩართულობით ვიმუშაოთ იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც ეუთოსა და სხვა დამკვირვებლების მიერ იქნა აღიარებული,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები