24 იანვარი 2019,   07:29
ვრცლად
„ის აგრძელებს ცხოვრებას ყველაში,“ - ნიკა რურუას მისი მეგობრები და თანამებრძოლები იხსენებენ

საქართველოზე შეყვარებული კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა - პოლიტიკოსის შესახებ მისი მეგობრები ყვებიან. ნიკა რურუას მეგობრები მის ოთახში იკრიბებიან, რომელიც მისი ციხე-სიმაგრე იყო. სამუშაო მაგიდაზე ის ნივთები და წიგნები ალაგია, რომელსაც პოლიტიკოსი ყოველდღიურად იყენებდა.

ნიკა რურუა 1968 წლის 17 მარტს, იმავე სახლში დაიბადა, სადაც 5 დღის წინ გარდაიცვალა. მუსიკალური სასწავლებლის, მოგვიანებით კი თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მოხალისედ აფხაზეთის ომში წავიდა. ბრძოლაში მიღებული მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის ორდენი ახლა მის კაბინეტში ინახება.

ნიკა რურუას სახელს უკავშირდება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსება თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოში გადმოსვენება და გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი.

ნიკოლოზ რურუამ, კულტურის მინისტრად მუშაობის დროს დაიწყო მოლაპარაკებები ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ხელმძღვანელებთან. მაშინ ეს იდეა უტოპიურ ოცნებად მიაჩნდათ ფრანკფურტშიც და საქართველოშიც, თუმცა რურუამ შესძლო და დაარწმუნა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული მწიგნობარები, რომ საქართველო და ქართული ლიტერატურა საპატიო სტუმრის სტატუსს იმსახურებდა ფრანკფურტში. ამ იდეის ბოლომდე განსახორციელებლად ის მის შემდგომ მინისტრებსაც იმსახურებდა უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, რომლებმაც, რეალურად ქცეულ ზეიმზე არც კი დაპატიჟეს კულტურის ყოფილი მინისტრი. ნიკა რურუამ მიწვევა გერმანული მხარისგან მიიღო.

გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რურუამ  ყველასთვის წარუშლელი კვალი დატოვა.

„ნიკას არსებობა არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს. ჩემი აზრით, ის აგრძელებს ცხოვრებას ჩემში, ყველაში, ვინც ცოცხლები ვართ, იმ ახალგაზრდებში, ვისაც ეხმარებოდა, მაგრამ ეს იდეა ხო მარტო ამ თაობით არ მთავრდება, ვინც მას იცნობდა. ეს ხომ არის მრავალსაუკუნოვანი ქართული იდეა გადარჩენის, თავისუფლების, თავისუფლებისათვის ბრძოლის. რა თქმა უნდა, ყველა თაობას ეყოლება თავისი ნიკა რურუა, ყველა ეპოქას ეყოლება თავისი ნიკა რურუა, ყველა ეპოქას ეყოლება თავისი გმირები,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი 50 წლის იყო. 

 

 

 

დღის ამბები