24 ივნისი 2019,   20:42
ვრცლად
მარიონეტების გადაადგილებით პოლიტიკა არ იცვლება - ოპოზიცია შესაძლო საკადრო ცვლილებებზე

გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მთავრობაში რა კოსმეტიკური გადაადგილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს სიტუაციას ვერ შეცვლის.

ოპოზიციის წევრების თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებას არა პრემიერი ან მთავრობა, არამედ ბიძინა ივანიშვილი იღებს.

„არავინ არ იცის, რა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, ან თუ საერთოდ განხორციელდება, რადგან გადაწყვეტილებებს მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი არ იღებს, გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელიც ჩნდება მხოლოდ არჩევნების წინ ხოლო არჩევნებიდან არჩევნებამდე ის იმალება, ემალება საკუთარი გუნდის წევრებს ისევე, როგორც ამომრჩეველს, იმიტომ, რომ მარტივად არ უნდა, რომ თავი შეიწუხოს არც ამომრჩეველთან ურთიერთობით და არც საკუთარი გუნდის წევრებთან კონტაქტით. რაც შეეხება ცვლილებებს, ვერანაირი კოსმეტიკური ცვლილებები ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ოლიგარქიულ სისტემაში, სადაც აღარ არსებობს არჩევნები იმიტომ, რომ არჩევნებს ჩვეულებრივად ივანიშვილი იპარავს იმისთვის, რომ მან პირადად ძალაუფლება შეინარჩუნოს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა ოლიგარქიული მმართველობაა.

„მაშინ, როდესაც ნებისმიერი მინისტრი და თვით პრეზიდენტი არიან მარიონეტები, ამ მარიონეტების გადაადგილებით პოლიტიკა არ იცვლება და ამას საერთოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. დღეს არსებული მნიშვნელოვანი და სერიოზული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის კანონმდებლობის, კონსტიტუციის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები