24 იანვარი 2019,   07:30
ვრცლად
„უხერხულია, როდესაც ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტი მალულად მიიპარა გმირთა მემორიალზე" - ლევან ხაბეიშვილი

„ძალიან უხერხულია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტი ფარულად, მალულად მიიპარა გმირთა მემორიალზე,“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, მედიისგან ფარულად მივიდა. ოპოზიციამ ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დღეს, 21:00 საათზე, გმირთა მოედანზე ოპოზიცია აქციას გამართავს.

„საქართველოს დანიშნული მთავარსარდალი დღეს, ამ წუთას მიიპარა გმირთა მემორიალზე იმიტომ, რომ იცოდა, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან ვაპირებდით იქ ღამის გათენებას, რომ არ მიგვეცა სალომე ზურაბიშვილისთვის საშუალება, რომ გმირთა მემორიალზე მისულიყო. ხართ აქ მედიის წარმომადგენლები და არცერთი თქვენგანი არ იყო ამის შესახებ საქმის კურსში. უკაცრავად, მაგრამ ძალიან უხერხულია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტი ფარულად, მალულად მიიპარა, პირდაპირი მნიშვნელობით, მიიპარა გმირთა მემორიალზე. მიუხედავად ამისა, დღეს საღამოს 9 საათზე ვაპირებთ, გავმართოთ აქცია და სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში ის ამ ღონისძიებას ვერ გამართავს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ხვალ დილის 8 საათიდან მობილიზებულები დედაქალაქიდან, თბილისიდან, აეროპორტის ტრასის ცენტრალური ოფისიდან ჩვენ დავიძვრებით თელავისკენ, სადაც ჩვენს პროტესტს კონსტიტუციურ ფარგლებში, რა თქმა უნდა, რისი უფლებაც გვაქვს, დავაფიქსირებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, იყოს და ერქვას საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები