22 მარტი 2019,   15:56
ვრცლად
"შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად" - იენს სტოლტენბერგი

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. დღეს ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა. მოგვიანებით კი მოლაპარაკებები გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ანტონიო ტაიანისთან.

შეხვედრების დროს განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით ბრიუსელი დაეხმარება საქართველოს, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა გააღრმავოს და სამომავლოდ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

ევროკავშირში გამართული შეხვედრების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მოლაპარაკებები ნატოს შტაბბინაში გამართა. ის ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია. 

„პირველ რიგში გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას და ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ყოფნა ჩვენი ალიანსის შტაბ-ბინაში. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების სფეროში. მარტში, საქართველო უმასპინძლებს ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას, 17 მოკავშირის მონაწილეობით. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდრო ხდება. დღეს ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად. ნატო და საქართველო იზიარებენ შეშფოთებას, რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირების გამო შავი ზღვის რეგიონში,“  - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატოს მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ჩემი ვიზიტი ბრიუსელში აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირი ნატოსთან და ნატოში გაწევრიანება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენი გზა ინტეგრაციისკენ ძალიან წარმატებულია. საქართველო უზრუნველყოფილია უფრო მეტი უსაფრთხოებით, უფრო მომზადებული და მოდერნიზებულია ჩვენი შეიარაღებული ძალები. თქვენ ახსენეთ, რა უნდა გაკეთდეს სანაპირო დაცვასთან დაკავშირებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, იმ დროს, როდესაც ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია და გვაქვს საოკუპაციო ხაზები,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები