18 ივნისი 2019,   13:54
ვრცლად
მეთოფიშვილის სკანდალური განცხადება - არასამთავრობოები მოსამართლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

მორიგი დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ სერგო მეთოფიშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიზეზი, ამჯერადაც მოსამართლის განცხადება გახდა, სადაც მეთოფიშვილი მათ მოსამართლეთა დევნასა და ძალადობაში ადანაშაულებს. 

მეთოფიშვილი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებს, დეპუტატებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრებს მოსამართლეების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს.   

საჯარო პოსტის ადრესატები მეთოფიშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვენ. მათი თქმით, ისინი არავის არ ემუქრებიან და მხოლოდ კრიტიკას გამოთქვამენ. მესამე სექტორის წევრების თქმით, მეთოფიშვილი იურისტია და უნდა იცოდეს რა არის მუქარა და რა კრიტიკა. ისინი იურისტს ურჩევენ, თუკი ფიქრობს, რომ მუქარას აქვს ადგილი, შესაბამის ორგანოში იჩივლოს.

არასამთავრობო სექტორის წევრები ამბობენ, რომ მსგავსი საჯარო განცხადებებით სასამართლო სისტემაში კლანის არსებობის ლუსტრაცია ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მესამე სექტორი  სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. კლანს სამართლებრივი გზით ებრძვის. 

„ჩვენ ვებრძვით კლანს სასამართლო სისტემაში, ვებრძვით ადამიანებს იმ სამართლებრივი გზებით, რომლებიც არსებობს და გარანტირებულია საქართველოში საქართველოს კონსტიტუციით, ეს ჯდება აბსოლუტურად გამოხატვის თავისუფლებაში და ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ კონკრეტული თანამდებობები. ჩვენ არ ვდგავართ საბჭოს წევრებს, რომლებიც საკუთარ კრიტიკას მიმართავენ არა ადამიანების, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით კონკრეტული თანამდებობის პირების თანამდებობიდან წასვლის გამო და არავისთვის, არასოდეს არ გაგვიკეთებია მოწოდება ან მიმართვა, რომ რაიმე სახით ძალადობას ჰქონდეს ადგილი. ბატონმა სერგომ ან წარმოადგინოს ერთი კონკრეტული მტკიცებულება მაინც ესეთი ძალადობის წახალისების, ან საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ის არის ცრუპენტელა და ამ სიცრუეს ყოველდღიურად ავრცელებს,“ - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ მეთოფიშვილი სამართლებრივ ნორმებს სცდება. 

„ეს ადამიანი აცდენილია როგორც იმ თანამდებობას, რომელზეც იმყოფება საბჭოში, ასევე აცდენილია ზოგადად, ჩემი პირადი შეგრძნებაა ეს, ელემენტარული სამართლის ნორმების გაგებას, თუ რა არის მუქარა და სხვა თანმდევი პროცესები. ამიტომაც, ბატონი სერგო თუ არის დღეს გამხმოვანებელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ უმრავლესობის, ვინც გადაწყვეტილებები მიიღო და მათ შორის 24 დეკემბრის ცნობილი გადაწყვეტილება, ასე გააგრძელონ, ეს მხოლოდ გვიიოლებს ჩვენ იმის დემონსტრირებას, რომ აუცილებელია საბჭოს ამ შემადგენლობის შეცვლა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ამბობს, რომ მათ განცხადებებში მუქარის შემცველ შინაარსს ვერავინ ვერ ნახავს.

„მე არ ვიცი რატომ მოსწონს ამ ხალხს მსხვერპლის მდგომარეობაში ყოფნა და რატომ ცდილობს მუდმივად აჩვენოს, რომ ისინი ხან წინა ხელისუფლების მსხვერპლები არიან, ხან არასამთავრობო სექტორის მსხვერპლები არიან. თუკი მას, პერსონალურად ამის განცდა აქვს, რომ ვინმე ემუქრება, ძალიან დიდი პრობლემაა, თუ მოსამართლეს ვინმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებს ან ემუქრება, რა თქმა უნდა, უნდა მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს და გამოძიება ამ თემაზე უნდა დაიწყოს. თუკი მას აქვს კონკრეტული ფაქტი. ჩვენს მოქმედებებში, ჩვენს განცხადებებში, ისინი ასეთ ნიშნებს ვერ ნახავენ,“ - აცხადებს ვერძეული. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა განცხადება facebook გვერდზე გამოაქვეყნა. მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბოლო პერიოდში მიმდინარეობს მოსამართლეების დევნა და მათ მიმართ მუქარა ხორციელდება. მეთოფიშვილი საჯარო პოსტში კონკრეტულ სახელ და გვარებს წერს და მათ მოსამართლეების მიმართ ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

"უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!!

ნუ ხართ ამ უკანონობის და უპასუხისმგებლობის პასიური მაყურებლის როლში!!!" - ნათქვამია მეთოფიშვილის განცხადებაში. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები