22 მარტი 2019,   15:53
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - სასამართლო პროცესზე ყოფილი ფინანასთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაიკითხა

ე.წ. პიჯაკების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების შეკითხვებს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი პასუხობდა.

ცნობილია, რომ ბრალდების მიერ დასახელებულ პერიოდში კახა ბაინდურაშვილი მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას შეხვდა, სადაც საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით შედგა.

სასამართლო სხდომაზე ყოფილ ფინანსთა მინისტრს შეკითხვებს სწორედ ამ შეხვედრის ირგვლივ უსვამდნენ. 

„მე კონკრეტულად მომეცა დავალება, ხარჯები გაწეულიყო აქედან, ანუ ამ კონკრეტულ საბიუჯეტო ორგანიზაციას გაზრდოდა ასიგნებები. დასრულდა, შესაბამისად, გაიზარდა ასიგნებები,“- ამბობს კახა ბაინდურაშვილი.

პროკურორის განცხადებით, მიცემული ჩვენებიდან დასტურდება, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

„ყოფილი ფინანასთა მინისტრის ჩვენებით დადასტურდა ორი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება საქმისათვის. ეს გახლავთ, პირველი: პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც მან პირდაპირ დაავალა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ბიუჯეტის გაზრდა, რისი მოტივაციაც იყო იმ ხარჯის დამალვა საზოგადოებისგან, რომელსაც იგი გაწევდა მისი პირადი კომფორტისთვის და რომელიც წარმოადგენს დანაშაულს. მეორე შეხვედრა ეს გახლდათ თეიმურაზ ჯანაშიასთან და ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა ამ ხარჯის შეუსაბამობა კანონთან,“- აცხადებს საქმის პროკურორი, გიორგი მუჯირი.

დაცვის მხარე  ამტკიცებს, რომ ჯანაშიას ბრალეულობა მოწმის ჩვენებიდან არ იკვეთება.

„დღევანდელ პროცესზე მიცემული ჩვენებიდანაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ დასტურდება, რომ თეიმურაზ ჯანაშიას სხვა კანონიერი მოქმედება, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებები შეესრულებინა, სხვა მოქმედებების შესაძლებლობა უბრალოდ არ გააჩნდა და ვერც ექნებოდა. შესაბამისად, უკვე დღეს, პირდაპირ დაკითხვის შემდეგ შეგვიძლია, მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჯანაშიას მიმართ წარდგენილი ბრალდების აბსურდულობა დღესვე პირდაპირი დაკითხვის ფარგლებშიც დადასტურდა,“- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, ბექა ბასილაია.

კახა ბაინდურაშვილის დაკითხვა შემდეგ პროცესზე გაგრძელდება, სადაც ის დაცვის მხარის შეკითხვებს უპასუხებს.

დღის ამბები