24 აგვისტო 2019,   12:15
ვრცლად
ქურდული გარჩევა skype-ით - სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს კრიმინალური ავტორიტეტები ფულს სძალავდნენ

ქურდული გარჩევა skype-ით - სამშენებლო კომპანია „აპოლის“ ხელმძღვანელს, კრიმინალური ავტორიეტეტები ფულს სძალავდნენ. საქმეში ფიგურირებს ინტერპოლით ძებნილი ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "სუხო," რომელიც ე.წ. გარჩევაში skype-ით- ჩაერთო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქმის გარჩევა მოხდა ე.წ. ქურდული წესით და ამ პროცესს სწორედ "სუხო" ხელმძღვანელობდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, მოქალაქესა და ბიზნესმენს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით ქურდული შეკრება გაიმართა. რომელშიც მონაწილეობდნენ 5 კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი. ამავე შეკრებაში ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩერთო 2016 წლიდან ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი  ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე, იგივე "სუხო" თვალჭრელიძე, რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა,“-განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ბინაში, სადაც მოხდა ქურდული გარჩევა სასამართლოს განჩინებით სამართალდამცავებს დამონტაჟებული ჰქონდათ სათვალთვალო კამერა. კახაბერ საბანაძის განცხადებით საქმეში მტკიცებულებად აღნიშნული ვიდეო-მასალაც დევს. 

საქმეზე 5 პირია დაკავებული. მათ 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

დაკავებულებს გამოძიება ქურდულის სამყაროს წევრობას, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობას და ქურდული საქმიანობის მხარდაჭერას ედავება.

პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. 

დღის ამბები