20 მარტი 2019,   00:17
ვრცლად
მორიგი ცვლილება - აბიტურიენტებმა, 2023-24 წლისთვის, შესაძლოა საგნობრივი ტესტირების ნაცვლად, ერთი კომბინირებული გამოცდა ჩააბარონ 

უნარ-ჩვევებისა და სასკოლო გამოცდების შემდეგ, განათლების სამინისტრო ეროვნულ გამოცდებზე საგნობრივი ტესტირებას აუქმებს და ერთ კომბინირებულ გამოცდას ქმნის. სავარაუდოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას უნარების კომპონენტი დაემატება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო ახალი ინიციატივის დანერგვას 2023-24 წლისთვის გეგმავს.

ახალი ინიციატივა ირინა აბულაძემ საგამოცდო ცენტრში ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. ცენტრის დირექტორთან ერთად, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კვლევის შედეგები გააცნეს. დოკუმენტში, რომელიც უწყების მაღალჩინოსნების მტკიცებით, განათლების ახალ რეფორმას დაედო საფუძვლად, წერია, რომ რეფორმები დაჩქარებულად არ უნდა განხორციელდეს. 

სასკოლო გამოცდების გაუქმების შემდეგ, კორუფციის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ადგილობრივი ექსპერტების უმეტესობისთვის რეფორმა ბუნდოვანია. ნაწილი კი ახალ ინიციატივებს დადებითად აფასებს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ახალი ინიციატივა არა განათლების რეფორმირებას, არამედ ჩამოშლას ემსახურება. კანონპროექტს მოწინააღმდეგეები უმრავლესობაშიც ჰყავს. ”ქართული ოცნება” გუნდის შიგნით კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.

განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები